27 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე, ჯო ბაიდენის მოხსენების მთავარი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაეთმო - ასამბლეას ესწრება საქართველოს პრემიერ - მინისტრი

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოხსენების მთავარი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაეთმო. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მსოფლიოს, გააგრძელოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობა.

მან ხაზი გაუსვა გაეროს გაძლიერების მნიშვნელობას, ამ ორგანიზაციის წესდებებს და პრინციპებს, რომლებსაც ღიად დაარტყა უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა. უკრაინა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მაკრონის, შოლცის, ერდოღანის მიმართვებში გენერალურ დებატებზე.


"სასტიკი, უაზრო ომი, ერთი კაცის მიერ იყო არჩეული. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელთან და სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი- მკაფიო აკრძალვა ქვეყნების მიმართ, მათი მეზობლის ტერიტორიის ძალით მითვისებაზე. სწორედ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა ღია ბირთვული მუქარა გააჟღერა ევროპის წინააღმდეგ . ახლა რუსეთი იწვევს უფრო მეტ ჯარისკაცს ბრძოლაში წასაყვანად. კრემლი აწყობს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობისთვის, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა. სამყარომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ქმედებები,"- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯიფ ტაიპ ერდოღანი კი აღნიშნავს, რომ ომს არასდროს ეყოლება გამარჯვებული მხარე.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმ კრიზისზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით შეიქმნა . უკრაინის კონფლიქტი უკვე შვიდი თვეა, მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად, დიალოგის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, შევკრიბეთ ერთად მხარეები ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, შემდეგ კი სტამბოლში, რათა ხელი შეგვეწყო შერიგების პროცესისთვის,"- განაცხადა ერდოღანმა. 

ერდოღანი გენერალურ დებატებზე გამოსვლამდე საქართველოს პრემიერს შეხვდა და უკრაინაში ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც იყო. ბუნებრივია, უკრაინაში დაწყებულ რუსეთის ომს დაეთმო ყურადღება სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და მას ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩამოსული შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრები რუსებთან პირდაპირ შეხვედრას არ აპირებენ, თუმცა ხვალ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ენტონი ბლინკენს და სერგეი ლავროვს ერთ დარბაზში მოუხდებათ ყოფნა. ამერიკის ელჩმა გაეროში თქვა, რომ ლავროვს მოუწევს უკრაინაში მათი ქმედებების დაგმობის და მოწოდებების მოსმენა, გაიყვანონ ჯარი უკრაინიდან. უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჩვენთან ინტერვიუში დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა, რომ გენერალურ ასამბლეაზე რუსეთისთვის გზავნილების გადასაცემად არ ჩამოსულან.

ჩვენ ასევე გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც. მათ შორის იმ საკითხზე, უჭერენ თუ არა მხარს რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ტალინმა მოითხოვა, ევროკავშირმა დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად მოიხსენიოს. რუსეთს კი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდეს.
 

დღის ამბები