27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
როგორ გაიგო დასავლეთმა კრემლის ლიდერის გზავნილები და რას ასახელებს რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მიზეზად

პუტინი სასოწარკვეთილია - ასე გაიგო დასავლეთმა კრემლის ლიდერის გზავნილები მობილიზაციაზე, რეფერენდუმსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პუტინს გეგმები აერია. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავდაჯერება შეინარჩუნოს, თუმცა სასოწარკვეთილება უკვე დაეტყო თავად რუსეთს და ამას მოვლენათა ფაქტობრივი განვითარება ადასტურებს. მაგალითად, კრემლის ლიდერის მიმართვიდან რამდენიმე საათში, თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა, მოქალაქეები გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას "როგორ დავტოვოთ რუსეთი"- ამ მონაცემს Google Trends-აქვეყნებს. ამასთან მოსკოვის ბირჟის ინდექსი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თითქმის 10%-ით დაეცა. ეს ყველაფერი კი 24 საათზე ნაკლებ დროში.

"ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ის უკრაინაში მხოლოდ ომის შემდგომი ესკალაციითაა დაინტერესებული. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მის ამ ნაბიჯებს მივიჩნევთ ნათელ სიგნალად, რომ პუტინი სასოწარკვეთილია - კერძოდ, გააგრძელოს დესტრუქციული ომი, რომელსაც მთელ მსოფლიოში უკვე ამდენი ცუდი შედეგი მოჰყვა.

პუტინი არა მხოლოდ უტევს უკრაინას, არამედ გადაწყვიტა თავდასხმა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.რუსეთის სამხედრო მოქმედებები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ და ბოლოდროინდელი მინიშნებები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, ძალიან საშიში, აზარტული თამაშია ბირთვული არსენალით.

საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, რათა განახორციელოს აუცილებელი ზეწოლა პუტინზე, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნური ქცევა. ევროკავშირი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას რუსეთის მიერ. დაგეგმილ რეფერენდუმს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს,"- აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

​რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ბრძოლა უწევთ კოლექტიურ დასავლეთთან და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება საკუთარი ტერიტორიების გასამაგრებლად და გასაკონტროლებლად გახდა საჭირო.

"დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს, რადგან ის საბჭოთა იარაღი, რომელიც უკრაინას ჰქონდა, ფაქტობრივად ამოწურულია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს ფაქტობრივად ნატო-ს მთელი თანამგზავრული ჯგუფი. ფრონტის ხაზი ათასზე მეტი კილომეტრი სიგრძისაა. ბუნებრივია, რაც ამ ხაზს უკან არის, უნდა გამაგრდეს, ეს ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს და უპირველესად, სწორედ ამიტომ ხდება ნაწილობრივი მობილიზაცია. გავიწვევთ არა იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სმენიათ ჯარის შესახებ, არამედ მათ, ვისაც უმსახურია, აქვთ საჭირო სპეციალობა, სამხედრო გამოცდილება და მინდა წინასწარვე ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რომლებიც გაჩნდება. ეს არ ეხება სტუდენტების მობილიზებას, მათ არავინ გაიწვევს, შეუძლიათ გაკვეთილებზე მშვიდად იარონ.

ჩვენ მობილიზაციისთვის უზარმაზარი რესურსი გვაქვს. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჯარში უმსახურია და შესაბამისი სამხედრო სპეციალობა აქვს - 25 მილიონს შეადგენს. ასე რომ, ნაწილობრივი მობილიზაცია საერთო რესურსის მხოლოდ მცირედი ნაწილია. გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი. არ შემიძლია ჩვენს დანაკარგებზეც არ ვთქვა, დღეისათვის ეს რიცხვი 5 937 ადამიანს შეადგენს,"- განაცხადა სერგეი შოიგუმ.„

დღის ამბები