ახალი დეტალები ბანკში შეჭრის საქმეზე -"კურიერს" ადგილობრივები უყვებიან, რომ თავდასხმის დროს გრიგოლ ნარსიას სახლში სტუმარი იმყოფებოდა. არსებობს თუ არა თანამზრახველი? - გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული პირის ვინაობა.
ბანკზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გრიგოლ ნარსია უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ტერორიზმში ბრალდებულს ხუთი იურისტი იცავს.
მათი თქმით, ბანკში შეჭრის მოტივად დაკავებული შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
"მან გამიმეორა მოტივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულის მანკით არის 6 თვიდან დაავადებული. ჟვანიას კლინიკაში გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას. ამისთვის არ ჰქონდა თანხა. მძევლების აყვანა გამიზნული ნამდვილად არ მქონდაო. როცა შევედი მე ბანკში გასროლა მოვახერხე და რაც ჰქონდათ სალაროსთან იმ თანხის წაღება მინდოდა და წასვლა მინდოდაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილად არ ყოფილა, ის იყო ბუტაფორია. აღწერა კიდეც რა შემადგენლობა იყო შიგნით," - აღნიშნა ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.
ამასთან ამბობს რომ მოწყობილობა, რომელიც ასაფეთქებელს ჰგავდა, რეალურად ფეთქებადი არ იყო.
ადვოკატების თქმით, დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
"დაკავებულს გრიგოლ ნარსიას სახის არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, თან საკმაოდ მძიმე დაზიანებები, ერთი შეხედვით ეს ნამდვილად ასე ჩანს. როგორც თავად განაცხადა, მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების დროს, როდესაც შევიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, მაშინ მიიღო ეს დაზიანება, თუმცა ვინ მიაყენა თუ რამდენიმე პიროვნებამ მიაყენა დაზიანება, ამასთან დაკავშირებით ის ვერ განმარტავს," - განაცხადა ადვოკატმა რომა ჭეიშვილმა.