27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე - მაკრონი

რუსეთი ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს, პუტინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ახალი ღონისძიებები 21 სექტემბრიდან დაიწყება. დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად. სამხედრო სამსახურში გაიწვევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში არიან, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. ასევე, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში რეფერენდუმის ჩატარებას, რეფერენდუმის, რომელიც მათ მომავალს ეხება.

რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს კვლავ ემუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთმა 24 თებერვალს რუსეთში შეჭრით ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება დაარღვია.

"რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში. საფრანგეთი ამას უარყოფს. ეს მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ჩვენი არჩევანი, როგორც ერების, ალტერნატივის წინაშე დგას. დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაერო-ს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. არის ერთი რამ, როდესაც მე გესაუბრებით, უკრაინაში არის რუსული ჯარები და რამდენადაც ვიცი, რუსეთში უკრაინული ჯარები არ არიან. ეს არის ფაქტის განცხადება. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია," - აცხადებს მაკრონი.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომს გამართლება არ აქვს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: მას სურს უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი," - ამბობს შოლცი.

დღის ამბები