27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
გარდა ხელყუმბარისა, თავდამსხმელს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ასევე არსებობს ინფორმაცია სხვა საშუალებების შესახებ, ამაზე გამოძიება იმსჯელებს - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხელყუმბარა, რომელიც საქართველოს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ჰქონდა, ნამდვილი იყო, თუმცა ალექსანდრე დარახველიძე "კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და  დეტალები მოგვიანებით დადგინდება.

მისი თქმით, თავდამსხმელს, გარდა ხელყუმბარისა, თან ცეცხლსასროლი იარაღი და ცივი იარაღიც ჰქონდა. 

გარდა ამისა, ალექსანდრე დარახველიძემ თითოეულ პოლიციელს, რომელიც სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადაუხადა.

ის მადლობას უხდის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მისი თქმით, მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს ოპერაცია.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ხელყუმბარა იყო ნამდვილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დანიშნულია ექსპერტიზა და ექსპერტი ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის. მას გარდა ხელყუმბარისა, ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა საშუალებები ჰქონდა. ამაზე გამოძიება იმსჯელებს. დანიშნულია ექსპერტიზები და გვეცოდინება ზუსტად, მას რა ტიპის იარაღები ჰქონდა თან. თუმცა, საკმაოდ რთული იყო ეს ოპერაცია, ძალიან მაღალ რისკებს შეიცავდა, მაგრამ ჩვენმა პოლიციელებმა მოახერხეს ის, რომ შეიპყრეს თავდამსხმელი, ისე რომ მძევლებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ,“ - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

 

 

დღის ამბები