27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ელექტრონული არჩევნების ინიციატივა პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა - დაუჭერს თუ არა ინიციატივას მხარს ოპოზიცია და კიდევ რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამომრჩევლის მინიმუმ 70 % ხმას ახალი წესით მისცემს, თუმცა ცვლილებები იგეგმება იმ უბნებზეც, სადაც არ იქნება ელექტრონული რეგისტრაციის და მთვლელი აპარატურა. ასეთ შემთხვევებში მოხდება ბიულეტენების გაციფრულება. 

საარჩევნო კანონმდებლობის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა რაც 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. კანონპროექტები შეფასებისთვის სწორედ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებში გაიგზავნება. დღევანდელ ბრიფინგზე, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო სისტემაში ოპოზიციის მოთხოვნაც იყო. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებს ცვლილებები მოსწონთ, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნებიც.

ექნება თუ არა ცვლილებებს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა - ეს განხილვის პროცესში გამოჩნდება, თუმცა პარტიების ნაწილი წინასწარ ამტკიცებს რომ თუ პროცესი გამჭვირვალე არ იქნება ახალ ტექნოლოგიას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

როგორ უნდა უზრუნველყოს ცვლილებებმა საარჩევნო პროცედურების მეტი გამჭვირვალობა - განმარტებები ამაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფმა კანონპროექტები ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით მოამზადა, რაც თავის დროზე ეუთო/ოდირმა წარადგინა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ახალმა სისტემამ საარჩევნო თემის ყველა სპეკულაცია უნდა დაასრულოს.

ევროკომისიის რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის გადახედვის გარდა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასაც ითვალისწინებს. ცვლილებები პარლამენტში ამ მიმართულებითაც დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იქნება სადეპუტატო კითხვას 15 დღის ნაცვლად პასუხი 10 დღეში გასცეს. ასევე საუბარია პარლამენტში ინტერპელაციების რაოდენობის გაზრდაზე. შესაბამის ცვლილებებს დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ.

დღის ამბები