27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
შეიარაღებული პირი 12 მძევალთან ერთად - ქუთაისში სპეცოპერაცია მძევლების გათავისუფლებით და თავდამსხმელის დაკავებით დასრულდა

ქუთაისის ცენტრში სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად და ტერორიზმში ბრალდებული პირის ასაყვანად 9 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ულტიმატუმი ამოიწურა, მოლაპარაკებები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

თანხის მიტანის დროც და რაოდენობაც შეიარაღებულმა პირმა საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან რამდენიმე წუთში დაასახელა. ნიღბიანმა და სამხედრო მოსამსახურის ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა, შენობაში შესვლისთანავე ჯერ გაისროლა და მალევე მოქალაქეები ტყვედ აიყვანა.

ულტიმატუმს მოთხოვნებიც დაემატა. ცოტა ხანში გაირკვა ისიც, რომ ბანკის შენობის ცენტრალური კარი დანაღმული იყო. თავდამსხმელს სხეულზე დამაგრებული ჰქონდა სადენებით მართვის პულტთან დაკავშირებული სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა, მეორე ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში დაახლოებით 12 საათისთვის შეიჭრა. ამ დროს შენობაში თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

მთელი დღის განმავლობაში თავდამსხმელის ტყვეობაში მყოფები კომუნიკაციას ერთადერთი გზით - ადგილზე გადაღებული ვიდეომასალით ახერხებდნენ. ამ კადრებს მძევლები იღებდნენ და ავრცელებდნენ. ბანკში დარჩენილებს გარეთ ელოდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, ნაწილი თავდამსხმელს ჩანაცვლებასაც სთხოვდა.

ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დაიწყო კრიმინალური პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზებაც. სამართალდამცავებმა გარე პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. შეწყდა საავტომობილო მოძრაობაც აბაშიძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. ადგილზე მიიყვანეს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, რამდენიმე ერთეული.

დღის ამბები