27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
გაეროს 77-ე ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიოს პირველი პირების პირისპირ შეხვედრები მიმდინარეობს - ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა. თურქეთისა და საქართველოს ლიდერებმა სწორედ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. რეჯებ თაიფ ერდოღანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ორი ქვეყნის ურთიერთობას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მაღალი დონის თანამშრომლობის პოლიტიკური დინამიკა და რეგიონული შინაარსის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის ჩართულობა კი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მზარდია.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შეხვედრაზე ასევე მსოფლიოში და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. საქართველომ საჭიროების შემთხვევაში, მედიაციის პროცესში ჩართვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდა, სადაც მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. მთავრობის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია.

გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით გაიმართა "განათლების ტრანსფორმაციის სამიტი", რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საქართველოში განათლების გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა. ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი რომ არის - ეს პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.

გაეროს გენერალური ასამბლეაზე 77-ე სესიის ფარგლებში, გენერალური დებატები დღეს დაიწყო. საქართველოს პრემიერი ასამბლეაზე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა.

დღის ამბები