გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის პრეზიდენტი ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გზავნილები მისი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება. მიმართვაში უკრაინის პირველმა პირმა, მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ვითარებაც განიხილა.
"ხარკივის რეგიონში - ჩვენ სიტუაციის სტაბილიზებას ვახდენთ, ვამაგრებთ პოზიციებს. იმდენად, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან. ჩვენ ვაფრთხილებდით რუს სამხედროებს, რომ მათ მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა, ან ტყვეობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების წინსვლის, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი.
უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს. ჩვენ ვემზადებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსასვლელად. სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება მოხდეს - თავდაცვის, ფინანსების, ეკონომიკისა და დიპლომატიის მიმართულებით," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.