27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ვითარება უკრაინაში - რუსული რაკეტები სამხრეთ უკრაინის ატომური სადგურის ბირთვული რეაქტორებიდან 100 მეტრში აფეთქდა 

ჩაცხრილული ბავშვები, ქალები, მოხუცები, დასახიჩრებული გვამები - უმძიმესი სურათი უკრაინელებს ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში დახვდათ. რუსი სამხედროებისგან გაწმენდილ ტერიტორიებზე ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წამების არაერთ ადგილს მიაკვლიეს. აღმოჩენილია მასობრივი სამარხიც. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა 3 სარაკეტო და 22 ავიადარტყმა განახორციელეს, შედეგად 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მტრის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უწყების ცნობით, კრემლმა უკრაინაში განლაგებული ჯარების გასაძლიერებლად, ქალაქ ტამბოვიდან 400 პატიმარიც გაგზავნა. 

რუსულმა ძალებმა დილიდან განაახლეს ზაპოროჟიეს დაბომბვაც. ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ღამით დაიბომბა მიკოლაევი და სუმის ოლქის სოფელი ვოლფინე. 

რუსული რაკეტები სამხრეთ უკრაინის ატომური სადგურის ბირთვული რეაქტორებიდან 100 მეტრში აფეთქდა. კიევი მსოფლიოს რეაგირებას სთხოვს, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ატომური ელექტროსადგურების დაბომბვას არ შეწყვეტს ევროპას არა ცივი, არამედ ბირთვული ზამთარი ელოდება.

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვთან მდინარე ოსკოლის ორივე ნაპირზე კონტროლი დაამყარეს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის ოლქში პროგრესს განიცდის, რუსები კი უკან დახევას ცდილობენ. გრძელდება ოკუპანტების თავდასხმებიც.

დროებითი სიმშვიდე არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად - ეს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებია. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს აუცილებლად დაიბრუნებს.

უკრაინამ ბოლო რამდენიმე კვირაში ფრონტის ხაზზე გარდატეხა მოახდინა. მთავარი მიზეზი დასავლეთის სამხედრო დახმარებაა, რომლითაც კონტრშეტევების წარმატებით განხორციელების საშუალებას იძლევა. 

 

 

დღის ამბები