27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
სჯობს, კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს, ასეთ შემთხვევაში აღარ რჩება კამათის და უხერხულობის სივრცე - მამუკა მდინარაძე "ხალხის ძალის" განცხადებაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე "ხალხის ძალის" წევრების მორიგ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს და დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ის ამბობს, ამგვარ თემებთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ არის. 

"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრში ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მე რომ ამაზე ამ სახით დეტალური პასუხის გაცემა მდომებოდა, მათთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ ხედავთ, რომ "ქართულ ოცნებაში" ვარ. შესაბამისად, ამ დეტალებში ვერ შევყვები. შეგვიძლია, ზოგადად დაგიდასტუროთ, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. ამ ინტერესებზე დეტალურად რომ გავაგრძელოთ საუბარი, ბევრ უხერხულობას წავაწყდებით იქ და საჯაროდ გამოტანის შემთხვევაშიც, გარკვეული კითხვები ჩნდება ამასთან დაკავშირებით. როცა კითხვები ისმება, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები ასეთ საკითხებზე მსჯელობის საშუალებას უფრო ნაკლებად დატოვებს. ადრეც იყო ჩვენი რჩევა ჩვენი მეგობრების მიმართ, პირადად არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, რომ კითხვებზე მკაფიო პასუხები არის გაცილებით უკეთესი, რადგან იქ აღარ რჩება აღარაფრის სივრცე, აღარც კამათის, არც უხერხულობის, თუ არაუხერხულობის, სჯობს, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები იყოს.

ჩემთვის პირადად, ვინც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, პირდაპირ შეურაცხყოფა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა არჩეული დეპუტატის მიმართ, არის მიუღებელი. რაც უნდა არ მოსწონდეს ვინმეს რაღაც ინფორმაციის ამგვარად გამოტანა ან არგამოტანა, მიუღებელია, წარმოუდგენელია, არ შეიძლება, რომ მათზე იერიში პირდაპირ მიიტანო პირადი შეურაცხყოფის დონეზე. ამ საკითხებზეც გვერჩივნა, რომ კულისებში გველაპარაკა, თუმცა ჩვენც ხანდახან იძულებული ვხდებით, გარეთ ვილაპარაკოთ, თქვენც გიპასუხოთ და საზოგადოებასაც, ნაწილზე რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ და ეს ადამიანები საუბრობენ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

 

დღის ამბები