27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში და ენტონი ბლინკენის სატელეფონი საუბარი ბაქოსთან - ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში ერთვება

ვაშინგტონი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში ერთვება. შეერთებული შტატები ღია ტექსტით მოუწოდებს ბაქოს, შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველიდან გაიყვანოს და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიცვას. აზერბაიჯანისთვის უსიამოვნო ტექსტი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირადად სახელმწიფო მდივნისგან მოისმინა. ენტონი ბლინკენის სატელეფონო ზარი ალიევთან იმ დროს შედგა, როდესაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს ხვდებოდა.

ის, რაც ბლინკენმა ალიევს არ უთხრა, ღია ტექსტით სომხეთის პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა კონგრესმენმა. ნენსი პელოსმა სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება. ზარი ვაშინგტონიდან და პელოსის ვიზიტი ერევანში, კრიტიკულად შეაფასა ბაქომ. აზერბაიჯანისთვის კონგრესმენი მიუღებელ პოლიტიკოსთა სიაში ჩაეწერა. მართლია ამერიკისგან მხარდაჭერა მიიღო, თუმცა საკუთარი ხალხისგან ნიკოლ ფაშინიანს კვლავ წითელი ბარათი აქვს.

ამერიკის კონგრესმენთან შეხვედრის პარალელურად, სომეხი ხალხი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავს. მოსახლეობის პროტესტს პრემიერმა ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან არ უპასუხა, თუმცა ვრცლად ისაუბრა შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივაზე.

ნენსი პელოსმა ერევანში ვიზიტის გამო სომხეთისგან მადლობა, ბაქოსგან კი ღია უკმაყოფილება მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ კონგრესმენმა ოფიციალურ ბაქოს უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები წაუყენა.

ბაქოს პოზიცია არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ, ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება უკიდურესად 12 სექტემბერს, ღამით დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები