კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარ ფიგურანტს პროკურატურამ ბრალი წაუყენა - გელა ნიორაძეს გამოძიება 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას ედავება. განსასჯელთა სკამზე მჯდომი ნიორაძე განზრახ მკვლელობის მუხლს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დაპირისპირების დროს, თავს იცავდა ხოჯანაშვილებისგან, რომლებმაც ის საქმის გასარჩევად დაიბარეს. გელა ნიორაძე ამტკიცებს, რომ მოვალეები მას და მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ავტომატი აიღო და ხოჯანაშვილებს ცეცხლი გაუხსნა.
ახალი დეტალი არის ის, რომ დაზუსტდა დანაშაულის მოტივი - შურისძიება. რაც შეეხება დღეს ხოჯანაშვილების ოჯახში დახურულ კარს მიღმა საუბრებს, ისინი სტუმრებთან ერთად განიხილავდნენ 2 დღის წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას, რომელიც ერთ-ერთი ამ საუბრის მონაწილის და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის დავით ხოჯანაშვილის ინფორმაციით, მათ სახლში დაიწყო.
კერძოდ, ხოჯანაშვილები გელა ნიორაძესა და მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სწორედ ნიორაძის 500 აშშ დოლარი ჰქონდა ვალი ამ ოჯახს. ნაცემი ნიორაძეები როგორც ის ყვება, ადგილიდან გაიქცნენ, რამდენიმე წუთში კი გელა ნიორაძე ტერიტორიაზე პირსახოც გადაფარებული ავტომატით დაბრუნდა. დავით ხოჯანაშვილის თქმით, სროლას არავინ ელოდა, თუმცა ნიორაძემ ცეცხლი უმისამართოდ გახსნა, რასაც ადგილზე შემთხვევით მყოფი გია გათენაშვილის მკვლელობა მოჰყვა. ეს დახურული საუბრების შინაარსია, ხოჯანაშვილები კი კამერებთან ღიად საუბარზე უარს ამბობენ.
უმისამართო სროლას გია გათენაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელსაც კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონდა. სროლის დროს დაიჭრა კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ბრალდებულის მეუღლე, რომელიც კონფლიქტის დროს მანქანაში იმყოფებოდა. თავად ხოჯანაშვილები მომხდარზე საუბარს გაურბიან, თუმცა დღეს ინციდენტის ადგილას დაპირისპირების მეორე მხარე სისხლიანი გარჩევის დეტალებზე ხმამაღლა საუბრობდა, რომელიც "კურიერის" კამერამ ჩაიწერა.
რა მოხდა კიკეთში - ხოჯანაშვილების ოჯახი და ახლობლები მათ სახლში მომხდარ კონფლიქტზე არ საუბრობენ. ინციდენტის მონაწილეებმა შემთხვევის ადგილზე დღეს კიდევ ერთხელ სცადეს დეტალების გარკვევა. ჩაკეტილ კარს მიღმა ხმამაღალი საუბარი "კურიერის" კამერამაც ჩაიწერა. სავარაუდოდ, ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ხოჯანაშვილმა სტუმრებს დეტალურად უამბო როგორ სცემეს მოვალე გელა ნიორაძე შვილთან ერთად, რომელიც ადგილიდან გაიქცა და რამდენიმე წუთში ავტომატით დაბრუნდა, რომელსაც პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული.
ამ საუბრის შემდეგ, ხოჯანაშვილის სახლი სტუმრებმა უკომენტაროდ დატოვეს.
ნიორაძის სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა გამოძიებამ სავარაუდოდ უკვე ამოიღო. ამ კამერას უნდა გადაეღო, როგორ ბრუნდება დაპირისპირების ადგილზე გელა ნიორაძე ავტომატით. დაკავებულს ბრალი დღეს ოფიციალურად გააცნეს. ის მკვლელობის განზრახვას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნა.
შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სამგზავრო ავტობუსის მძღოლები.
სისხლიანი გარჩევის თვითმხილველების და მონაწილეების გამოკითხვა 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მათ შორის ჩვენება მისცა ინციდენტის დროს დაჭრილმა 5 პირმა, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
ექსპერტიზის შემდეგ, კიკეთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს მოკლული გია გათენაშვილი. მისი ნათესავები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული გელა ნიორაძეს აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. დაკავებულს 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.