27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფალს უკანასკნელ გზაზე აცილებენ - დაკრძალვის დეტალები და მსოფლიო ლიდერები ლონდონში

ელისაბედ მეორის დაკრძალვის დღე მისივე დატოვებული სცენარის მიხედვით წარიმართა. უესტმინსტერის დარბაზში 4 დღიანი პანაშვიდის შემდეგ, ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაგრძელდა. მონარქის სასახლე უესტმინსტერის ​სააბატოს მიმართულებით ზარებისა და სამგლოვიარო ჰანგების ფონზე გააცილეს. სამეფო ოჯახის წევრებთან, სამეფო ფლოტთან და ელიტურ სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გარდაცვლილ დედოფალს მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მიუძღვებოდნენ.

სასულიერო პირები ისტორიულ სააბატოში დედოფლის სასახლესთან ფსალმუნებს კითხულობდნენ. უესტმინსტერში წირვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

უესტმინსტერიდან დაკრძალვის ცერემონიალის მორიგი გაჩერება ველინგტონის თაღი იყო, სადაც ელიზაბედ მეორის ცხედარს, ბიგ - ბენის ზარებისა და ქვემეხების სროლის ფონზე 45 წუთის განმავლობაში მიასვენებდნენ. სამგლოვიარო პროცესიას ცხენებზე ამხედრებული კანადის საპოლიციო ძალები მიუძღვებოდნენ. 

გარდაცვლილი დედოფლის გზა ლონდონიდან მის რეზიდენციამდე ყველაზე ხანგრძლივი იყო. უინძორის სასახლეში ელისაბედ მეორე ადგილობრივი დროით 3 საათზე გადაასვენეს. 1000 წლიანი ისტორიის ციხესიმაგრის პერიმეტრზე ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი სამხედროები იდგნენ.

დედოფალთან გამოსამშვიდობებლად სამეფო ოჯახმა პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიწვია. ლონდონში ჩავიდნენ ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები, ლონდონში ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტი და იაპონიის იმპერატორი. სტუმრებს შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი. 2000-კაციან სტუმრების სიაში არ შეიყვანეს რუსეთის პრეზიდენტი.

ისტორიულ დღესთან დაკავშირებით ლონდონში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მოქმედებს. ადგილობრივმა პოლიციამ დღე შეაფასა როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია უსაფრთხოების კუთხით. 

დედოფალს ლონდონის დროით საღამოს 8-ის ნახევარზე, უინძორების ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში თავის მეუღლესთან ედინბურგის ჰერცოგთან გვერდით დაკრძალავენ.

ბრიტანეთში 11 დღიანი გლოვა დასრულდა. ელისაბედ მეორის პანაშვიდს მილიონზე მეტი ბრიტანელი მივიდა, ტელეეთერით კი მილიარდზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

 

ავტორი: სანდრო სანაია 

 

 

 

 

 

დღის ამბები