27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
Google, Amazon, Facebook, Microsoft - როგორ გაიარეს ქართველმა ახალგაზრდებმა გზა საქართველოდან გიგანტ კორპორაციებამდე

ადამიანთა ის ნაწილი, რომელთა გზაც წარმატებაზე გადის - საქართველოდან მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში, Google, Amazon, Facebook, Microsoft - ყველაზე მაღალშემოსავლიან კორპორაციებში ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ. მათ მიერ შექმნილი აიტი ტექნოლოგიებით, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი სარგებლობს.

მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში ყოველდღიურად დასაქმების მსურველთა 10 000-ობით რეზიუმე შედის. კორპორაციებში იღებენ მხოლოდ საუკეთესოებს. დასაქმების შემდეგ მარტივი არც კარიერული განვითარებაა.

ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მემკვიდრეობას კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის ქართველი თანამშრომელი გვაცნობს. დემეტრე შანშიაშვილი რამდენიმე წელია "მაიკროსოფთის" პრაღის ოფისში პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის მირ შემქნილი IT ტექნოლოგიებით კი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს. დემეტრე შანშიაშვილი ამბობს, რომ გზა გიგანტურ კორპორაციამდე მარტივი არ ყოფილა.

"მაიკროსოფთში" მოხვედრამდე, 30 წლის ახალგაზრდა საკომუნიკაციო პროდუქტებზე,"სკაიპსა" და "თიმსზე" მუშაობდა. პოზიციის ცვლილებასთან ერთად, მისი გეგმებიც შეიცვალა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბურია. რჩევას იმ ახალგაზრდებსაც აძლევს, ვისაც საერთაშორისო კორპორაციებში დასაქმება სურთ. ამბობს, რომ კომუნიკაციების ეპოქაში ყველაფერი პატარა ნაბიჯებით იწყება და რომ შეუძლებელი არც არაფერია.

იქ, სადაც თითოეულ თანამშრომელზე მორგებული სისტემაა; გარემო, რომელიც არც სტრესული და არც დამღლელია; მუსიკალური და გასართობი ოთახები - სამსახურშია მოთავსებული.

დემეტრე შანშიაშვილი "მაიკროსოფთის" პრაღის ოფისში ერთადერთი ქართველი არ არის. მასთან ერთად მუშაობს მისი მეუღლეც, რომელიც ასევე პროდუქტების მენეჯერის განყოფილებაშია.

სანამ საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდები "მაიკროსოფტის" ახალ პროდუქტებს ქმნიან, "გუგლში" კიდევ ერთ ქართველს ვეძებთ, რომელიც ინტერნეტძიების ტექნოლოგიაში უკვე დასაქმდა. Google - თანამედროვე ადამიანის ვირტუალური თანაშემწე, თამარ მახარაშვილისთვის ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც მისი ყოველდღიურობაა. კალიფორნიაში, უმსხვილესი საძიებო სისტემის სათაო ოფისში, ინჟინერის პოზიციაზე 3 წელია მუშაობს. მუშაობს იმისთვის, რომ მილიონობით მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და სერვერები არ გადაიტვირთოს. მიზანს რთულად მიაღწია, თუმცა ამბობს, რომ ახლა მის ცხოვრებაში საინტერესო ეტაპია. მისთვის უჩვეულოა 8 საათიანი სამუშაო დროც და ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო გარემოში - საძილე ოთახები.

გიორგი ნადირაძე ერთადერთი ქართველი ფინანსისტია მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტმაღაზია "ამაზონში". როცა აპლიკაცია შეავსო 26 წლის იყო. არც მისთვის ყოფილა გასაუბრება მარტივი. ამერიკაში კალათბურთის სათამაშოდ წასულს გეგმები მოულოდნელად შეეცვალა და მუშაობა "ამაზონში" ფინანსისტის პოზიციაზე დაიწყო. ახალგაზრდა ანალიტიკოსის მოვალეობაში შედის კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტის კონტროლი. ოფისში არ დადის, ჯორჯიის შტატიდან დისტანციურად მუშაობს.

"ფეისბუკის" სამუშაო ოფისი, ერთი შეხედვით, გასართობ სივრცეს ჰგავს. მარკ ცუკერბერგის კორპორაციის ქართველი თანამშრომელი ანა ჩაგელიშვილია. ის პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე სინგაპურში უკვე 1 წელია მუშაობს და ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს ამუშავებს.

მიზანმა ხატია გრემელაშვილი ოკეანის მიღმა წაიყვანა, პირველ ეტაპზე არ გამოუვიდა, თუმცა ახლა Fox tub-ში მუშაობს, სადაც კომპანიის სტრატეგიას განსაზღვრავს. ამბობს, რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ტელე და კინოინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს კორპორაცია Fox Entertainment-ში მოხვედრა რთულია, თუმცა იქ შანსი მაინც ყველას აქვს.

რთულად მაგრამ მაინც, ხატია გრემელაშვილის ამერიკული ოცნება ახდა, ისევე როგორც პატარა ქვეყნიდან გიგანტურ კორპორაციებში წასული და დასაქმებული სხვა ქართველი ახალგაზრდების. ყველა მათგანს სჯერა, რომ თუკი შეძლეს მათ, შეძლებენ სხვებიც და თუ არსებობს მიზანი, წარმატებაც მოვა. და ასე მოულოდნელად გამოიძებნება ხოლმე ერთი სამუშაო ადგილი Google-ში , Amazon-ში, Fox Entertainment-შიMicrosoft-სა და მსოფლიოს კიდევ სხვა უმსხვილეს კორპორაციებში.

დღის ამბები