27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა ამიერკავკასიაში - ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის სტატუსი აქვს

მაშინ, როდესაც მსოფლიო ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, საქართველო ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე მუშაობს. ბოლო ათწლეულში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა ახალი ენერგეტიკული ობიექტები. მათ შორის, 55 ჰესი, 2 თბოსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. ჰესებიდან ყველაზე დიდი ენგურია, რომელიც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი სწორედ ენგურჰესზე მოდის.

ენგურჰესის ცნობილ თაღოვან კაშხალს კი ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის სტატუსი აქვს. უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სიმაღლით 271 მეტრია და 85 სართულიან შენობას უტოლდება. ჰიდროელექტროსადგურის მასშტაბურობას მხოლოდ ეს მონაცემებიც მოწმობს - მისი ერთ კადრში დანახვა კი თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ "კურიერი PS-ის" ობიექტივში ერთი შენობის, ორი მარშრუტი მოხვდა.

ეს ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა ამიერკავკასიაში. იმისთვის, რომ ამბიციური ჩანაფიქრი რეალობად ქცეულიყო, 17 წელი მუშაობდნენ. შედეგიც შთამბეჭდავია.

271 მეტრიანი კაშხალი რამდენიმე სართულად და ზონად არის დაყოფილი. ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესში თითოეული დეტალის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი წალენჯიხის რაიონშია, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო ტურბინები და გენერატორები კი ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს ის საკვანძო წერტილია, საიდანაც საქართველო ოკუპირებულ რეგიონს უკავშირდება.

წლების განმავლობაში, ენგურის კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთების ნახვა მსურველებს არ შეეძლოთ. ბოლო რამდენიმე თვეა ტურისტული მარშრუტი მოეწყო, რაც მნახველებს შესაძლებლობას აძლევს, კაშხლის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი დაათვალიერონ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება, ასევე სარეკრეაციო-გასართობი ზონების, ღია საკონცერტო სივრცის და სანაოსნო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ენგურჰესი ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრია. 1978 წლის ნოემბრიდან დღემდე ჰიდრო ელექტროსადგურმა 131 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. საქართველოს ყველაზე მძლავრ ჰესს კიდევ ერთი მისია აქვს – ყოველწიურად ნახევარ მილიონ დამთვალიერებელს აჩვენოს ათასობით კვადრატულ მეტრში ჩატეული ჰესის ისტორიული უნიკალურობა.

ავტორები: ავთო გვასალია და სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები