27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
უკრაინა რუსეთის შეჭრიდან 207-ე დღეს კვლავ რუსული სარაკეტო დარტყმების რაოდენობას და ომის მძიმე შედეგებს ითვლის - ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინა რუსეთის შეჭრიდან 207-ე დღეს კვლავ რუსული სარაკეტო დარტყმების რაოდენობას და ომის მძიმე შედეგებს ითვლის. გრძელდება კონტრშეტევა, თუმცა საპასუხოდ საოკუპაციო ჯარი სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას არ წყვეტს.

როგორ იქცეოდნენ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით თვალსაჩინო ქალაქ იზიუმშია. საერთო სამარხებში კიდევ 59 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათგან 17 უკრაინელი სამხედროა. მედიის ინფორმაციით, ისინი ოკუპანტებმა ჯერ აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების სისასტიკეზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა.

ოკუპირებული ხერსონში, ქალაქის ცენტრში, მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. აფეთქებები იყო დონეცკის ცენტრშიც. დამატებითი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან არ ვრცელდება. თუმცა, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ოლქებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. დილიდან დონეცკის ოლქში დიბროვას უკვე სრულად ოფიციალური კიევი აკონტროლებს, ისევე როგორც ხარკოვის ოლქში გრუშევკას დასახლებას.

კრემლი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების საპასუხოდ სამიზნეში მშვიდობიან მოქალაქეებს იღებს. ხარკოვის ოლქში, რუსეთის საზღვართან ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას, შედეგად 2 ქალი დაიღუპა. თავად უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს კი საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდიდან რაკეტები ესროლეს. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან 207-ე დღეს ასევე დაბომბეს ქალაქი მიკოლაევი, ნიკოპოლი, კრამატორსკი, ზაპოროჟიე, დონეცკის ოლქი და სუმის ოლქის სამი დასახლება. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

დღის ამბები