27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა 500 დოლარის გამო - "კურიერის" ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი დაპირისპირება ვალის მოტივით დაიწყო და შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა

სისხლიანი გარჩევა 500 დოლარის გამო - "კურიერის" ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი დაპირისპირება ვალის მოტივით დაიწყო და შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა. გელა ნიორაძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გია გათენაძე მოკლა და 5 პირი დაჭრა. დაპირისპირება ხოჯიკაშვილების ოჯახში დღის მეორე ნახევარში დაიწყო, მათი მევალე გელა ნიორაძე ამ სახლში, შვილთან ერთად მივიდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. პირველი ინციდენტის შემდეგ, ნიორაძემ ადგილი დატოვა, რამდენიმე წუთში კი, უკან ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.

გელა ნიორაძემ ხოჯიკაშვილების ოჯახის წევრების და მათი სტუმრების მისამართით, საკუთარი ავტომობილიდან ისროლა, რომლის საჭესაც მისი მეუღლე მართავდა. ტყვიები 6 ადამიანს მოხვდა, მათ შორის სასიკვდილოდ დაიჭრა გია გათენაძე, რომელიც სახლში მიდიოდა და კონფლიქტის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, გელა ნიორაძე სამართალდამცველებმა კიკეთში დააკავეს. მისი ავტომობილი კი, ვაკეში, უკრაინის საელჩოსთან იპოვეს. სავარაუდო დამნაშავე გასროლის შემდეგ კიკეთში დარჩა, დაცხრილული ავტომობილი კი თბილისის მიმართულებით მისმა მეუღლემ წაიყვანა, რომელიც სავარაუდოდ ასევე, კიკეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაიჭრა და კლინიკაში მიდიოდა. ქალმა საჭის მართვა ვეღარ შეძლო და ამ ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. შემთხვევის შედეგად დაჭრილი 5 პირის მდგომარეობა სტაბილურია.

გელა ნიორაძე დაკავების შემდეგ, ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. მან გამომძიებლებს ჩვენება მისცა. სავარაუდო დამნაშავე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს. ბრალდებულს მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს, რომელიც ადვოკატს უამბო.

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ძიება გრძელდება. განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს გვიან ღამით ან ხვალ გააცნობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გელა ნიორაძეს, 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები