27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ომბუდსმენის შერჩევის პროცესი დაწყებულია, თუმცა კანდიდატები ჯერ გამოკვეთილი არ არის

ვის შეარჩევს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატებად - პროცესი დაწყებულია, თუმცა კანდიდატები ჯერ გამოკვეთილი არ არის. მომდევნო 10 დღის განმავლობაში პარლამენტში 9 პირისგან შემდგარი კომისიაც უნდა შეიქმნას, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" სახალხო დამცველის შესარჩევად დაწყებულ კონსულტაციებში მონაწილეობას არ გეგმავს. პროცესმა სტარტი უკვე აიღო. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატურების წარდგენის წესის დამტკიცებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანება 14 სექტემბერს გამოსცა. კანდიდატების განცხადებები კი 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. თუმცა ეს პროცესი "სტრატეგია აღმაშენებლის" გარეშე ჩაივლის.

ვაშაძის გუნდის ეს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივად ფასდება "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში "სტრატეგია აღმაშენებლის" პროცესიდან გამიჯვნას მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს - ოპოზიცია ხელს უშლის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან კომისია შეიქმნება. კომისიის 9 წევრი სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებს შეაფასებს. საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობენ, განმარტავენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ახლა იწყება. თუმცა, რამდენად მოხერხდება საერთო კანდიდატზე შეთანხმება? ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება.

მმართველ პარტიაში არ იზიარებენ ოპონენტების კრიტიკას და აცხადებენ, რომ მათ ომბუდსმენის შესარჩევად მოქნილი მექანიზმი შექმნეს. პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ თავად კანდიდატის დასახელებას არ აპირებენ.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ ახალი ომბუდსმენის არჩევა.

დღის ამბები