27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ცნობილი ხდება კიკეთში დაპირისპირების სავარაუდო მოტივი, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიჭრა და 1 დაიღუპა - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

5 დაჭრილი და 1 დაღუპული - კიკეთში მომხდარი მძიმე დანაშაული გახსნილია, ცნობილია ვერსიებიც. 54 წლის მამაკაცმა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, ცეცხლი ავტომატით ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს და მათ სტუმრებს გაუხსნა. დაღუპული 51 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სწორედ ერთ-ერთი სტუმარი იყო. მას თავდამსხმელთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, გამოძიების ვერსიით კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებას მოჰყვა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გელა ნიორაძე ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. მასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ადვოკატი. გელა ნიორაძეს იცავს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი, რომელმაც ბრალდებულის პირველი პოზიციის შესახებ "კურიერს" სატელეფონო ინტერვიუ მისცა.

ადვოკატი სულხან კომახიძე აცხადებს, რომ ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, მკვლელობის განზრახვას კატეგორიულად გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ კიკეთში მომხდარი დაპირისპირების დროს ის თავს იცავდა. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, გელა ნიორაძე ამბობს, რომ დაპირისპირების შედეგად მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ისევე როგორც მის შვილს და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულის თქმით, იარაღის გამოყენება მას თავდაცვის მიზნით სურდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კიკეთში, მკვლელობის ადგილას საგამომძიებლო მოქმედებები უკვე დასრულებულია. დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში დაიწყო და მასში ჩართული იყო 10-მდე პირი. სასიკვდილოდ დაჭრილი გია გათენაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გაიგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის ხმა. 

რაც შეეხება დაჭრილი 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი მომხდარიდან მალევე გადაიყვანეს კლინიკაში. 3 მათგანი "ნიუ ჰოსპიტალში" მოათავსეს, 1 უკვე გაწერეს კლინიკიდან, დანარჩენი ორის მდგომარეობა კი მედიკოსების თქმით სტაბილურია. 

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივად ამ დროისთვის სახელდება ვალი. კერძოდ, არსებული ინფორმაციით დაპირისპირება დაიწყო ხოჯიკაშვილების ოჯახში, რომლებსაც გელა ნიორაძის ვალი ჰქონდათ და სწორედ ეს იყო ფიზიკური დაპირისპირების პირველი საფუძველი.

მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში კითხავდნენ თვითმხილველებს და ინციდენტის სხვადასხვა მონაწილეებს. ბრალდებული გელა ნიორაძე სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ის მიმალვას ცდილობდა. დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ 3 მუხლით წარუდგენენ.

დღის ამბები