27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ვის შეარჩევს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატებად - შესარჩევი პროცესი დაწყებულია

ვის შეარჩევს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატებად - შესარჩევი პროცესი დაწყებულია. მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და სტანდარტების დაცვით დანიშვნა ერთ-ერთია ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის, რამაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა განსაზღვროს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" თავისთვის სასურველ კანდიდატს ვერ გაიყვანს.

"პროცესი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წამოიწყო, ჩვენ ამ პროცესში ჩართულნი ვართ. ამ პროცესს გაემიჯნა და ბოიკოტი გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ" და რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ მათ თაღლითური სქემა მოიგონეს თუ როგორ დაბლოკონ და გააჩერონ ეს პროცესი. ვერ მივართვით ვერც ერთ შემთხვევაში. "ქართული ოცნება" ვერ გაიყვანს თავისთვის სასურველ კანდიდატს. ყველა, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია თუ იმ ორ ხმას, რომელიც მას აკლია დაუმატებს აღარ იქნება ოპოზიცია და მე ამას ხმამაღლა ვიტყვი, რომ მან შეუვსო ხმები "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატის მხარდაჭერაში.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", ჩვენ ვასრულებთ ჯერ კიდევ ივლისში დადებულ ჩვენს პირობას, ველოდებით სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და სწორედ ამ კანდიდატებს შორის ავარჩევთ ღირსეულთა შორის ღირსეულს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკვე ცნობილია მმართველი პარტიის პოზიცია - "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ხელისუფლება წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველასთვის მისაღებ კანდიდატს შეარჩევს.

"ამ შეფასებებზე დაყრდნობით ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით აღჭურვილი უფლებამოსილებით, რომ დაასახელონ კანდიდატები, ყველას ექნება შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შემდგომ პროცესს, პროცესი არის განსაზღვრული პოლიტიკურიც და სამართლებრივი ნაწილიც, პროცედურა წარიმართება, დასახელდებიან კანდიდატები და გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე მას შემდეგ, რაც კანდიდატები იქნებიან დასახელებული, ხელისუფლებამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან შეარჩიოს ყველასთვის მისაღები კანდიდატი.

წესი და პროცედურა, რომელიც შევთავაზეთ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციას, ვფიქრობ აბსოლუტურად უნაკლოდ სამართლიანია და უზრუნველყოფს ყველასთვის მისაღები კანდიდატის შერჩევას," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები