27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ხმის მიცემის ელექტრონული ვერსია დაასრულებს ამომრჩეველთა ერთიანი სიებით მანიპულირების საკითხს - "კურიერის" კითხვებს გიორგი კალანდარიშვილმა უპასუხა

2024 წელს საქართველოს უმეტეს ნაწილში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება. "ქართული ოცნების" ინიციატივა ელექტრონული აპარატურით ამომრჩეველთა რეგისტრაციას და უბანზე ხმის ელექტრონული წესით მიცემას ითვალისწინებს. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი "კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ უპირატესობაზე საუბრობს, რომელიც არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას სდევს თან. მისი თქმით, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი არის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი, რომელსაც შეუძლია საარჩევნო გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. 

"ეს გახლავთ იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი, რომელსაც შეუძლია ფუნამდენტური ტრანსფორმაცია მოახდინოს საარჩევნო პროცედურებში და ამ პროცედურებში მნიშვნელოვნად განავითაროს საარჩევნო გარემო, რაც ეტაპობრივად, ასევე საარჩევნო კულტურის ტრანსფორმაციას და განვითარებას გამოიწვევს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება იმ ინციატივას, რომელიც მმართველი პარტიის მიერ გაჟღერდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ამ ინიციატივის სხვა ცვლილებებთან ერთად მათ დაკანონებას, იმ საბოლოო ფორმულირებას, რა სახით მოხდება მათი საარჩევნო კანონმდებლობაში ასახვა, რის შემდგომაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ უკვე ინტენსიურ სამუშაოს და პროცედურებს იმისთვის, რომ დარჩენილ დაახლოებით 2 წლიან პერიოდში, 2024 წლისთვის მნიშვნელოვნად მოვემზადოთ. ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ და მასშტაბურ სამუშაოებთან. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციას 2018 წლიდან აქვს გარკვეული პილოტების განხორციელების გამოცდილება, ამასთანავე ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ორივე აპარატის გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად დააზღვევს მთელ რიგ საკითხებს, რომელთა მიმართებაშიც, წლების განმავლობაში ამ საარჩევნო პროცესს გარკვეულწილად თან სდევდა," - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

კალანდარიშვილი ხმის მთვლელი ციფრული აპარატის უპირატესობაზე საუბრობს და ამბობს, რომ წარმოდგენილ ორ ინდივიდუალურ აპარატს თავისი ფუნქციები გააჩნია. 

"პირველი გახლავთ ის, რომ აპარატი უზრუნველყოფს ამომრჩევლის უტყუარ დადასტურებას მისი არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში. მეორე -  ერთხელ და სამუდამოდ, ეს აპარატი მისი ფართო მასშტაბიანი გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფს იმას, რომ ფაქტობრივად დაასრულებს ამომრჩეველთა ერთიანი სიებით მანიპულირების საკითხს, რომელიც ყოველთვის თან სდევდა ხოლმე ამ საარჩევნო პროცესს. ამასთანავე, აპარატი იძლევა იმის შესაძლებლობას, არ იქნეს დაშვებული განმეორებითი ხმის მიცემის შემთხვევები და ის საფრთხეები, რომელიც თეორიულ დონეზე შესაძლოა იყოს," - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები