27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მდუმარე აქცია სოხუმის ქუჩებში - ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტები ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ

სოხუმის ქუჩები და მდუმარე აქცია ხმაურიანი თემატიკით. ადგილობრივმა ახალგაზრდა აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოახერხეს, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, როგორიც სურდათ. ისინი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა. პოზიცია ფრთხილად, თუმცა პრინციპულად გამოხატეს - "მეგობრობისთვის მიწით არ იხდიან"!

იგივე ახალგაზრდა აქტივისტები ორი დღით ადრე მონაწილეობას სხვა შეკრებაშიც იღებდნენ, სადაც აფხაზური საზოგადოება ე.წ. სამთავრობო აგარაკების და ორასამდე ჰექტარი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგოდ შეიკრიბა.

კონფერენციაზე, რომელიც აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა, რამდენიმე საათის განმავლობაში ხსნიდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ტერიტორიის გასხვისება მიუღებელია. გამომსვლელები ცდილობდნენ საკუთარი აქტივობა და წინააღმდეგობის მიზეზი მაქსიმალურად მკაფიოდ ეთქვათ ისე, რომ შემდეგში პოლიტიკური ინტერპრეტაცია არ მოყოლოდა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა პრევენციული განცხადება იმ შემთხვევისთვის თუ ახლო მომავალში უკმაყოფილო ხალხი ე.წ. პარლამენტთან აქციებს გამართავს.

პროტესტი და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების განწყობა რუსეთის ინტერესებში ცალსახად არ შედის. მოსკოვს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და სურს, რომ საუკეთესო ტერიტორიები საკუთრებაში გაიფორმოს. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, თუმცა ვისაც აფხაზეთში საკუთრების დასაცავად ხმის ამოღება სურს ე.წ. ხელისუფლება სწორედ იმით აშანტაჟებს, რომ ანტირუსულად წარმოაჩენს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ პროტესტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის მიერ ხელოვნურად პროვოცირებულია. სწორედ ასე ცდილობენ აქტივისტები ჩიხში მოაქციონ და მოსკოვში დადებული შეთანხმება სწრაფად დააკანონონ.

 

დღის ამბები