გამორჩეული ბუნება, არქიტექტურა, ტრადიციული კერძები და ღვინო - ის, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია, კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მათთვის, ვინც აქ პირველად ჩამოვიდა ან არაერთხელ ყოფილა, განსაკუთრებულად დედაქალაქი მოსწონთ.
"უბრალოდ მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველაფერი მშვენიერია. საქართველო ძალიან მომწონს, შესანიშნავი ქვეყანაა. ხალხი ძალიან მეგობრულია. აქ პირველად ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ქართული კერძები და ღვინო, ასევე არქიტექტურა. მომწონს როგორ ერწყმის ერთმანეთს ისტორიული და თანამედროვე ნაგებობები", - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციაში თვლიან, რომ ტურიზმის ამდროინდელი მონაცემები პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესისთვის პირველ ამოსუნთქვას უდრის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში 2019 წელთან მიმართებით არამხოლოდ აღდგენა, არამედ 26%-იანი მატებაც შეინიშნება. მათივე თქმით, გაზრდილი მაჩვენებლის განმაპირობებელი არაერთი აქტივობა გახდა. აქედან ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერების და ინფლუენსერების ჩამოყვანა იყო, რომლებმაც მოგზაურებს საქართველო ონლაინ პლატფორმებიდან კიდევ უფრო უკეთ გააცნეს.
მხოლოდ აგვისტოს თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 522 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი უწყებები დადებითი დინამიკის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.