27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ჩვენ კანდიდატს არ დავასახელებთ და სრულ შესაძლებლობას ვუთმობთ ოპოზიციას - მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე

საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო, დასრულებამდე კი პირველმა კანონმდებელმა შემფასებელი კომისია უნდა დააკომპლექტოს. 

კონსულტაციებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას იღებს, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს შენიშვნები მაინც აქვთ.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

"ჩვენი ინფორმაციით, შემდეგ კვირაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ ეტაპისთვის ჩემთვის არ არის ცნობილი. ჩვენ ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, სწორედ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებშიც მივიღებთ მონაწილეობას და საბოლოო ჯამში დავუჭერთ მხარს იმ კანდიდატს, რომელიც იქნება მრავალმხრივი, მრავალპარტიული შეთანხმების შედეგი,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

კრიტიკა, რომელიც პროცესის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ისმის, ქართული ოცნებისთვის არასწორია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის ერთჯერადი წესი ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას კანდიდატების დასახელების პროცესში სრული თავისუფლება აქვს.  

"ხელიდან ებნევათ არგუმენტები - რაღაცა გრძელ გეგმას წინასწარ დაანონსებენ, შეთხზავენ რაღაც არგუმენტებს და მერე გზადაგზა ეს ეფანტებათ. თავიდან იძახდნენ, რომ ეს 7 კაციანი ჯგუფი იქნება ჯგუფი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და სახელისუფლებო კანდიდატების გაყვანას ხელს შეუწყობს - ეს აღმოჩნდა ტყუილი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ თვითონ კანდიდატს არ დავასახელებთ და სრულ შესაძლებლობას ვუთმობთ და კარტბლანშს ვაძლევთ ოპოზიციას. უბრალოდ ერთი სათხოვარი გვაქვს, რომ ჩვენც, როგორც პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, რომელიც არის ხელისუფლება, ნუ წაგვართმევთ არჩევანის და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას და ნუ გვეტყვით, რომ ვინმემ გვიკარნახოს გადაწყვეტილება. ამიტომ, იყოს არჩევანის შესაძლებლობა,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები