27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
პარლამენტში კორექტირებულ ბიუჯეტზე და გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მსჯელობენ- ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს

შეცვლილი ეკონომიკური პროგნოზი და გაზრდილი მაჩვენებლებით გამოწვეული ცვლილებები ბიუჯეტში - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კორექტირებული დოკუმენტის შინაარსი და საბიუჯეტო პარამეტრები ადამიანის უფლებათა კომიტეტს გააცნო. გიორგი კაკაურიძემ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა უწყებებს დაფინანსება იზრდება. მცირდება, როგორც დეფიციტი, ასევე საგარეო ვალი - საუბარია 710 მილიონ ლარზე.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, გიორგი კაკაურიძე პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარეს შეხვდა. ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ის მხარს დაუჭერს.


ევროპელი სოციალისტებისგან" განსხვავებით ფინანსური დოკუმენტის კორექტირებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი. ამბობენ, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს, აქედან გამომდინარე კითხვები აქვთ ხარჯვით წილზეც.

ხელისუფლების გონივრულ და სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებენ ბიუჯეტის ზრდას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შენარჩუნებული ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, განაპირობებს ქვეყნის სტაბილურობას.

კორექტირებული ფინანსური დოკუმენტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში და პოლიტიკურ ჯგუფებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. პარლამენტი ბიუჯეტის შეცვლილი ვარიანტის კენჭისყრაზე გატანას,  ოქტომბერში გეგმავს.

დღის ამბები