27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"მომაკვდავი ბავშვები და მომღიმარი მკვლელები" -  "კურიერთან" ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ ისაუბრა

ლეგენდარული უკრაინელი სამხედრო ექიმი "ტაირა", რომელიც ოკუპანტებს 3 თვის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ, ამერიკაშია. იულია პაევსკა კონგრესმენებს ორი საათის განმავლობაში უყვებოდა წამების იმ მეთოდებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც უკრაინელები რუსი სამხედროებისგან განიცდიან. ტაირას ჰელსინკის კომისიის წევრებისთვის არც ის დაუმალავს, რომ პირობები, რომელშიც რუსები ტყვეებს ამყოფებენ მხოლოდ იმ წიგნებში წაუკითხავს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებზეა დაწერილი.

ვაშინგტონში ჩასულები არიან უკრაინის სახელისუფლებო პარტიის ხალხის მსახურის წევრებიც. კიევი ვაშინგტონისგან რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს. 

იულია "ტაირა" პაიევსკა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოხალისე თანამშრომელი, რომელიც პრორუსული ძალების მიერ იყო დაკავებული, კონგრესის წევრებს თითქმის 2 საათის განმავლობაში უყვებოდა იმ არაადამიანური მოპყრობის და პირობების შესახებ, რომლის თვითმხილველი, ოკუპანტების 3-თვიან ტყვეობის დროს გახდა. ამერიკელი კანონმდებლები ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ისმენდნენ იმ შემზარავი ვითარების შესახებ, რომელშიც რუსული ძალების მიერ დატყვევებული ხალხია. მარტიდან ივნისამდე გამოვლილ უმძიმეს პერიოდს ტაირა ჩვენთან ინტერვიუშიც იხსენებდა, თუმცა მაშინვე თქვა, რომ ეს არაფერია იმ ტანჯვასთან შედარებით, რასაც ხალხი განიცდის.

კონგრესში გამოსვლის დროს ტაირა დეტალურად ყვებოდა, თუ როგორ სცემდნენ და აწამებდნენ ხალხს კვირების განმავლობაში და როგორ კვდებოდნენ ისინი სამედიცინო დახმარების გარეშე.

იულია პაევსკას მოხსენების პარალელურად, შეხვედრებს მართავდნენ კონგრესში, უკრაინელი კანონდებლები. ჩვენ ვესაუბრეთ ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახურის" წევრს რომან ჰრიშჩუკს იმ საკითხებზე, რომლებსაც რადას დეპუტატები განიხილავენ. ერთ-ერთი, რასაც უკრაინელები ითხოვენ, რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებაა, რომლის შესახებ პროექტი სენატში ლინდსი გრემს და რიჩარდ ბლუმენტალს აქვთ მომზადებული.

უახლოეს დღეებში, ვაშინგტონში უკრაინის გენერალური პროკურორი ჩამოვა, რომელიც შეხვედრებს იუსტიციის დეპარტამენტში, კონგრესში და ადმინისტრაციის სხვა უწყებებში გამართავს. განხილვები, ძირითადად, უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობაზე იქნება.

დღის ამბები