27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეულის განცხადებები - ვაშინგტონს თბილისთან კითხვები აქვს

ვაშინგტონს თბილისთან კითხვები აქვს. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს არ ესმის ის განცხადებები, რომელსაც ოცნებიდან წასული ოთხეული აკეთებს. ვაშინგტონის პოზიცია ელჩმა კელი დეგნანმა გააჟღერა. 

დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესდნენ იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. მისივე თქმით, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკაფიოდ.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოთხეულის გასვლა პარტიიდან უკვე ნიშნავს მათგან გამიჯვნას. "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, მათი ყოფილი თანაგუნდელების ხედვები რიგ საკითხებზე განსხვავებულია, თუმცა ლეგიტიმური და ის არ უნდა იყოს აღქმული დეზინფორმაციის კამპანიად.

არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე - ასე უპასუხა "ხალხის ძალის" ბრალდებებს ელჩმა იმავე ინტერვიუში. საკითხზე, რაზეც დეპუტატებს კელი დეგნანისთვის არაერთხელ მიუმართავთ, დიპლომატი ამბობს, რომ აშშ-ს არ სურს და მათ ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე. ამ გზავნილის მიუხედავად, მოძრაობის წევრებს ელჩის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვთ და მასთან კითხვები ისევ აქვთ. მათთვის გაუგებარია, რატომ უწოდებს დიპლომატი საჯარო მიმართვებს რუსულ დეზინფორმაციას და თავდასხმას. 

ხალხის ძალის განცხადებებს ანტიდასავლურ რიტორიკად აფასებს ოპოზიციაც. მიაჩნიათ, რომ საჯარო პოლემიკა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას აზიანებს. მათი თქმით, ამას ელჩის განცხადებებიც ადასტურებს. ოპონენტები ხელისუფლებას ურჩევენ, ყოფილი წევრებისგან განსხვავებული პოზიციები გამოთქვან.

რატომ ფასდება ხალხის ძალის რიტორიკა ანტიდასავლურად, ქართული ოცნებისთვის გაუგებარია. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ განსხვავებული აზრის მიღება სწორედ დასავლური ღირებულებაა.

კელი დეგნანს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრებმა ვრცელი წერილით რამდენჯერმე მიმართეს. დეპუტატები ამ დრომდე ითხოვენ, რომ ელჩი მსგავსი შინაარსის მოწოდებებს საჯაროდ გაემიჯნოს. 

დღის ამბები