2024 წლის არჩევნების ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარება, არჩევნებამდე 2 წლით ადრე პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი უკვე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მათივე თქმით, მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესშია. პარტია "ლელო" ღიად ამბობს, რომ ელექტრონული მოწყობილობით ამომრჩევლის 70 პროცენტის დარეგისტრირება და ხმების ახალი წესით დათვლა ეჭვს აჩენს. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამომრჩევლის სწორედ 30 პროცენტის ხმაა ის ნიშნული, რომელიც "ქართულ ოცნებას" არჩევნების სასურველი შედეგებისთვის სჭირდება.
პროცესის დაზიანების მცდელობაა ანა ნაცვლიშვილის განცხადება მმართველი პარტიისთვის. ამბობენ, რომ ელექტრონული მთვლელით მხოლოდ ის უბნები არ აღიჭურვება, სადაც ამომრჩევლის რაოდენობა მცირეა. საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ოპონენტები პროცესის დისკრედიტაციას ხელოვნურად არ ცდილობენ, მაშინ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად ის, რომ "ლელო" ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" სამუშაო ფორმატებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებენ.
ოპოზიციის ნაწილი "ლელოს" პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ თუ არჩევნების ჩატარების მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება არ შეიცვალა, მნიშვნელობა არ აქვს პრინციპს, თუ როგორ ჩატარდება ის.
კრიტიკის ავტორებს მმართველმა ძალამ შეახსენა, რომ არჩევნებში ოპოზიციის დაბალი მაჩვენებელი გაყალბების შედეგი არ არის და ამის რეალური მიზეზი პოლიტიკური პარტიების არასწორი სტრატეგიაა.
2024 წლისთვის ახალი წესით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ ცესკოში და მის უპირატესობებზე აკეთებენ აქცენტს. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც "ლელოს" მიერ არის წარდგენილი ეთანხმება პარტიის პოზიციას და ამბობს, რომ ელექტრონული ხმის დათვლა მნიშვნელოვანია, თუმცა ის ამომრჩევლის 100-ვე პროცენტს უნდა ფარავდეს.
მომავალი არჩევნებში ელექტრონული წესის შემოღებას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმად აფასებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების განცხადებების მიღმა, რადიკალურ დღის წესრიგსაც ხედავენ.