27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
5 თვის ორსული ცოლის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - რატომ არ შეეფარდა გოგა გზირიშვილს უვადო პატიმრობა

ორსული ცოლის და მუცლად მყოფი შვილის მკვლელობისთვის, გოგა გზირიშვილს დღეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 22 წლის ქალს, რომელიც ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დღეს, მოსამართლემ თავად აღიარა, რომ დამნაშავე უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა.

მიზეზი, რის გამოც მკვლელი სასჯელის უმაღლეს ზომას გადაურჩა,  ნარკოტიკები და ალკოჰოლია. დაცვის მხარეც სწორედ ამ არგუმენტით ითხოვდა მუხლის შეცვლას, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა მისი მოთხოვნით, სხდომას არცერთი კამერა არ იღებდა.

ბრალდებულს დღეს ბევრი არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ დამნაშავეა. დანაშაული წინა სხდომაზევე აღიარებული ჰქონდა და გარემოებებიც აღწერილი. ამბობდა, რომ ჩადენილს ნანობს და ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობის მომენტში ადეკვატური არ იყო - მიზეზი ნარკოდამოკიდებულებაა. ამ ხაზს მიყვებოდა დღეს მისი ადვოკატიც, რომელიც ცდილობდა განსასჯელისთვის მძიმე მუხლი შეემსუბუქებინა.

ადვოკატი დასკვნით სიტყვაში ძირითადად სწორედ ამ გარემოებებს დაეყრდნო, თუმცა სხვა ფაქტებს დაეყრდნო მოსამართლე, მათ შორის ექსპერტიზის პასუხსაც, რომელმაც დაასკვნა, რომ გოგა გზირიშვილი შეზღუდულად შერაცხადია - ეს კი არ ნიშნავს, რომ ფეხმძიმე ცოლისთვის მიყენებული ტანჯვა, მრავლობითი ჭრილობების მიყენება, მკვლელობა და მძიმე შედეგი ვერ გააცნობიერა.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ თქვა ისიც, რომ არა 20 წლიანი, არამედ უვადო პატიმრობის შეფარდებაც დასაშვები იყო, თუმცა უმკაცრესი სასჯელი სწორედ მსჯავრდებულის მდგომარეობის, შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინებით არ გამოიყენა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მძიმე დანაშაული გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. გოგა გზირიშვილი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. მსხვერპლი, ქეთევან კეპულაძე, რომელსაც დასაკეცი დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები