27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ნაწამები, ხელებშეკრული და ყელზე თოკმოხვეული ცხედრები - მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ დაინახა რუსული ოკუპაციის სახე

უმძიმესი სურათი იზიუმში - ოკუპანტებისგან თითქმის ბოლომდე დაცლილი ხარკოვის ოლქის ტყეში, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. 

ტერიტორია თითქმის სრულად დეოკუპირებულია, თუმცა მისი დაბრუნებით გამოწვეული სიხარული უკრაინელ სამხედროებში მალევე შეცვალა მწუხარებამ. რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებმა თხრილებში 440 ადამიანის ცხედარი დათვალეს. დაღუპულების უმეტესობის საფლავი უსახელოა. ცხედრებს წამების კვალი ეტყობა. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უკრაინელი სამხედროებიც. ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული და ხელები შეკრული. სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე გაეროს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

უკრაინული კონტრშეტევისა და აფეთქებების სერიის პარალელურად, დღეს, მკვლელობა მოხდა ოკუპირებულ ბერდიანსკშიც. უცნობმა პირმა ქალაქის მერის მოადგილე პრორუსი ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე საცხოვრებელ სახლთან მოკლა. ოლეგ ბოიკო არ იყო ერთადერთი რუსეთის მიერ დანიშნული მაღალჩინოსანი, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ლუგანსკის ოლქის გენერალურ პროკურატურაში აფეთქების შედეგად მოადგილესთან ერთად დაიღუპა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკოც.

ომის 205-ე დღეს, კრემლის ლიდერი ომის გახანგრძლივებასაც უკრაინულ მხარეს აბრალებს. ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ სწორედ უკრაინაა ის ქვეყანა, რომელიც მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, ხოლო რუსეთს სურს, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

უკრაინული კონტრიერიშის წარმატების ფორმულა რომ დასავლური შეიარაღებაა, ეს თეთრ სახლშიც კარგად ესმით. სწორედ ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციამ დამატებით 600 მილიონი დოლარის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების "ჰაიმარსის" ზუსტი დამიზნების საარტილერიო რაკეტები, ღამის ხედვის აღჭურვილობა, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები გადაეცემა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები