27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბურ პროვოკაციაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს

სომხეთის დედაქალაქში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინთან. მათ საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.

"13-14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და არაერთმა წარმომადგენელმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა თავდაუზოგავად გაწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად.

დღეის მდგომარეობით, ჩვენი დადასტურებული დაღუპულთა რიცხვი 135-ს შეადგენს, მაგრამ სამწუხაროდ ვიცით, რომ ეს რიცხვი ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. ბევრი დაჭრილი გვყავს," - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის რეგიონში მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, რომელიც მისივე თქმით, უზარმაზარი დარტყმაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ილჰამ ალიევის განმარტებით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

"აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე.

სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის რეგიონში მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია მოახდინა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. ეს პროვოკაცია უზარმაზარი დარტყმაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება," - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები