ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრისთვის უნდა შეასრულოს. მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება ძალიან მალე უნდა დაიწყოს. ზელენსკიმ მისი ქვეყნისთვის დახმარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა ექნება უკრაინას, ომი მით უფრო მალე დასრულდება.
"უკვე ნოემბერში უნდა შესრულდეს ის შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. მომდევნო წელს კი უკვე ნათელი უნდა გახდეს, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. უკრაინა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია ევროპაში მშვიდობისთვის. ეფექტური ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭირო რაოდენობით გადმოცემის გარეშე, რუსეთი კვლავაც იგრძნობს დაუსჯელობას და გააგრძელებს ახალი გლობალური თუ ლოკალური კრიზისების პროვოცირებას. რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი. ჩვენი, თავისუფალი სამყაროს საერთო ღირებულებების რეალური დაცვა მხოლოდ უკრაინის გამარჯვების გზითაა შესაძლებელი," - განაცხადა ზელენსკიმ.