27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება - რატომ ითხოვს სომხეთის მოსახლეობის ნაწილი ფაშინიანის გადადგომას

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე 25 საათია ცეცხლი შეწყვეტილია. მიღწეული შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები, ჯერჯერობით, არც ოფიციალურ ბაქოს და არც ერევანს არ გაუკეთებია. საზღვარზე არსებულ მდგომარეობას უახლოეს დღეებში კოლექტიური უსაუფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისია შეისწავლის. ამ საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი, პირისპირ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 14 სექტემბერს 20:00 საათზე შევიდა. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა.

მოცემულობა მიუღებელია სომხეთის მოსახლეობისთვის, რომელმაც გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი გამოსვლას კიდევ გეგმავს. ამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა 35 ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ფაშინიანის შეურაცხყოფამ პარლამენტში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლებს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.

მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მთავრობის წარმომადგენლები აზერბაიჯანთან დათმობაზე წავიდნენ და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოფიციალური ბაქოსთვის ტერიტორიების გარკვეული ნაწილის გადაცემას ითვალისწინებს, რასაც ნიკოლ ფაშინიანი კატეგორიულად უარყოფს.

შიდა დაპირისპირება სომხეთში ორი დღის წინ აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულმა სიტუაციამ გამოიწვია. ერევანი ბაქოს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებდა. ბრალდებას ბრალდებით უპასუხა აზერბაიჯანმა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი ჯარისკაცები ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდნენ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროცესი არ შეწყვიტეს. ამას ორმხრივი სროლა მოჰყვა. შედეგად სომხეთის დანაკარგი, ოფიციალური ინფორმაციით, 105-ს შეადგენს. ბაქოს ცნობით კი - 71 ჯარისკაცი დაკარგეს.

დღის ამბები