რუსთავის მოსახლეობა იმ მძაფრ სუნზე საუბრობს, რომელიც ქალაქში უკვე მეორე წელია აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ქალაქთან ახლოს მდებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თეთრი ქუდია". მოსახლების თქმით, დიდ ტერიტორიაზე განთავსებული სოკოს საწარმო, პროდუქტს მავნე ტექნოლოგიებით ამუშავებს. ნარჩენები კი მძაფრ სუნს და ბუნების დაზიანებას იწვევს.
"თეთრი ქუდის" დირექტორი ადასტურებს, რომ კომპოსტირებას იყენებდა, მაგრამ არა კანონდარღვევით, რაც გამოძიების ინფორმაციით სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა, შემოწმების შემდეგ ბუნების დაბინძურების გამო, საწარმო დააჯარიმა. დირექტორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ ალექსი ბერიძეს, გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე, ბრალი მას შემდეგ წარუდგინა, რაც გამოძიებამ ბუნებაზე ზემოქმედების ფაქტი აღმოაჩინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 7 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
მიუხედევად დაწყებული გამოძიებისა - საწარმო ამ დრომდე მუშაობს. ადგილზე დღეს "კურიერიც" იყო ჩასული. კამერის ობიექტივში მოხვდა ის სივრცეც, სადაც თანამშრომლები სავარაუდოდ მომწამლავ ნარჩენებს აგროვებენ. გამორიცხული არ არის, სწორედ ეს იწვევდეს მძაფრ სუნს ქალაქ რუსთავშიც. შენობიდან გამოსული თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ წარმოების პროცესი შეჩერებულია.
306-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას გულისხმობს გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსი ბერიძეს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.