27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისევ საჰაერო განგაშია -  დაიბომბა კრივიი-რიჰი და ზაპოროჟიე, ერთგან უდიდესი კაშხალია, მეორეგან კი ატომური ელექტროსადგური

ხარკივი, ბახმუტი, კრივიი-რიჰი, კრივოგრადი, ზაპოროჟიე, მიკოლაივი, ოჩაკივი - ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამით დაბომბეს - ასე გათენდა ომის 204-ე დღე უკრაინაში. ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქში განხორციელებულ თავდახმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

პარალელურად, დონეცკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროები მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. მათთან კი, ვინც სახლს არ ტოვებს, საკვები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები მიაქვთ.

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა კრივიი-რიჰიდანაც, რომლის წყალსაცავის კაშხალზეც რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა. შედეგად, მდინარეში წყლის დონე აიწია და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ამ ყველაფრის შემდეგ, რუსეთმა ქალაქზე იერიში კიდევ 4-ჯერ მიიტანა.

სარაკეტო თავდასხმები კრემლის პასუხია კიევისთვის წარმატებულ კონტრშეტევებზე. უკრაინა ახლა, ხერსონთან ერთად, ლუჰანსკის ოლქის დასაბრუნებლად ემზადება, რუსეთი კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვას აძლიერებს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 388 დასახლება გაათავისუფლეს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ტექნიკა დატოვეს, რაც სამხედროების პანიკაზე და არაორგანიზებულ გადაჯგუფებაზე მიუთითებს.

თითქმის სრულად დეოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან კიევში დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი ავარიაში მოყვა. მისი პრესპიკერის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავდა იმ ავტომობილის მღოლი, რომელიც პრეზიდენტის ესკორტს შეეჯახა. ზელენსკიმ შემთხვევის შესახებ არა, თუმცა რუსი სამხედროების თავდახმებზე ვრცლად ისაუბრა ტრადიციული ვიდეომიმართვისას, რომელიც ავარიის შემდეგ ჩაწერა.

ომის დაწყებიდან უკრაინაში უკვე მესამედ ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

მსოფლიო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. უახლოეს მომავალში ქვეყანა მოკავშირეებისგან დამატებით 13.5 მილიარდ აშშ დოლარს მიღებს. ლიეტუვა კი დამატებით ჯავშანტრანსპორტიორების ორ პარტიას უგზავნის.

დღის ამბები