27 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატების შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს - რა კრიტერიუმებით შეფასდება მომავალი ომბუდსმენი  

სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველებს უკვე დღეიდან განაცხადის შეტანა საქართველოს პარლამენტში შეუძლიათ. განისაზღვრა ვადებიც - 29 სექტემბერს მიღება სრულდება. მომავალი ომბუდსმენი დეპუტატების მხრიდან კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების კუთხით პროფესიული გამოცდილების კრიტერიუმებით შეფასდება. თუმცა მანამდე, კანდიდატებს 9 კაციანი კომისია შესაბამის ქულებს დაუწერს. შემფასებელი ჯგუფის ჩამოყალიბებამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გამართავს.

კონსულტაციებში მხოლოდ 1 ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს. "სტრატეგია აღმაშენებელს" პოზიციები არ შეუცვლია, პარტიაში არ მოსწონთ ის წესი, რომლითაც პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი უნდა აირჩიოს.

"სტრატეგია აღმაშენებლისგან" განსხვავებული პოზიციები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან იმ შეხვედრაშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას, სადაც 9კაციანი შემფასებელი კომისია უნდა ჩამოყალიბდეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ახლა მათთვის პრიორიტეტული დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევაა, ამ მიზნისთვის კი როგორც ამბობენ, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის ერთჯერადი წესი უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას. ის პარტიები კი, ვინც ამ პროცესში არ მონაწილეობენ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, აზიანებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბერში ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი ომბუდსმენის არჩევა. სახალხო დამცველს პარლამენტი ამტკიცებს და მას თანამდებობაზე დანიშვნისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები