დედოფლისა და მისი შვილიშვილების ახლო ურთიერთობაზე ბრიტანულ პრესაში ხშირად წერდნენ, განსაკუთრებული კავშირი კი მას ჩარლზის შვილებთან, უილიამსა და ჰარისთან ჰქონდა. ბავშვებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მათი დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ დაეკისრა.
ITV-ს მიერ ელიზაბეტის 90-ე დაბადების დღისთვის მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში უილიამმა ბებიასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
"მქონდა საშუალება, თავად აღმომეჩინა, გამეგო და თვითონვე გამეკვალა ჩემი გზა. ასეთ მფარველობას ძალიან ვაფასებ," - განაცხადა უილიამმა.
ბებიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრინც ჰარისაც, მოგვიანებით მისი სახელი შვილს დაარქვა.
ელიზაბეტი შვილიშვილებისთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტებში მათთან ერთად იყო - ამხნევებდა პოლოს თამაშებზე, დაესწრო უილიამის გამოსაშვებ საღამოსაც. ხშირად ხედავდნენ ხოლმე, როგორ იცინოდნენ ერთად ჰარი და დედოფალი ოფიციალურ ღონისძიებებზე, იმის მიუხედავად, რომ ელიზაბეტი საჯარო ცხოვრებაში ზედმეტად თავშეკავებული იყო.
2016 წელს ჰარი და ელიზაბეტი ბარაკ ობამასთან და მის ცოლთან, მიშელთან ერთად ჰარის პატრონაჟით მიმდინარე "ინვიქტუსის თამაშების" სარეკლამო ვიდეოშიც გამოჩნდნენ.
უილიამს, იმის გამო, რომ სამეფო გვირგვინის რიგში შემდეგი იყო, ბებიასთან შედარებით ფორმალური ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ელიზაბეტი მას სამეფო ვალდებულებებს ასწავლიდა, თუმცა შვილიშვილი არასოდეს ერიდებოდა საკუთარ პირად პრობლემებზე საუბარს - სწორედ დედოფალი იყო პირველი, ვისაც უილიამმა 2006 წელს ქეით მიდლტონთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე გაუმხილა და მისგან რჩევებიც მიიღო.
დედოფალმა მხარი დაუჭირა ჰარის გადაწყვეტილებასაც, დაქორწინებულიყო ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე. წყვილი 2017 წელს დაინიშნა, 2018-ში კი დაქორწინდა. მათსა და სამეფო ოჯახს შორის ურთიერთობა მალე დაიძაბა და სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. როგორც მათ ოპრა უინფრის შოუში განაცხადეს, ლონდონში ცხოვრება მათთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმას კი მათი შვილის, არჩის მიმართ რასისტული კომენტარებიც გააკეთა.
ბუკინგემის სასახლეს სასექსების საპასუხო განცხადების გასავრცელებლად რამდენიმე დღე დასჭირდა. საბოლოოდ კი დედოფალმა თავად გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოჯახი ძალიან იყო დამწუხრებული იმ სირთულეების გამო, რაც წყვილს შეექმნა, თუმცა მის სიტყვებში იგრძნობოდა, რომ ყველაფერს, რასაც ჰარი და მეგანი ამბობდნენ, სიმართლედ არ მიიჩნევდა. ჰერცოგმაა და ჰერცოგინიამ მოგვიანებით დააზუსტეს, რომ რასისტული კომენტარი არც დედოფალს და არც მის ქმარს არ გაუკეთებია.
როდესაც წყვილს გოგონა შეეძინა, მას ლილიბეტი დაარქვეს - მეტსახელი, რომლითაც დედოფალს ბავშვობაში მამა, მოგვიანებით კი - ქმარი, პრინცი ფილიპი ეძახდა. იმის მიუხედავად, რომ მათ შორის მანძილი დიდი იყო, ჰარი და დედოფალი ერთმანეთს ხშირად ესაუბრებოდნენ ვიდეოზარის საშუალებით.
ჰარის განცხადებამ კი, რომელიც ბებიის მონახულების შემდეგ გააკეთა, მედიასა და სოცქსელებში ხმაური გამოიწვია :
"მას ყოველთვის აქვს იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა როცა ერთად ვართ. მე კი მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის დაცულია და გარშემო საიმედო ხალხი ჰყავს. მე და მეგანმა მასთან ერთად ჩაი მივირთვით, ძალიან ვისიამოვნე მისი ნახვით," - განაცხადა ჰარიმ.
სასექსის ჰერცოგსა და სამეფო ოჯახს შორის გაჩენილმა ბზარმა უილიამი და დედოფალი კიდევ უფრო დააახლოვა. ამასთან, პრინცი მეტ სამეფო ვალდებულებებს იღებდა საკუთარ თავზე, რაც უფრო იზრდებოდა მისი, როგორც გვირგვინის მემკვიდრის როლი.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაპირისპირების მიუხედავად, ძმები, ცოლებთან ერთად, კვლავ ერთად გამოჩნდნენ.