27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
საარჩევნო კოდექსზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა - შეხვედრის მონაწილეების თქმით, შეუთანხმებელი საკითხები ჯერ კიდევ რჩება

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების მიზნით შეხვედრები გრძელდება. კიდევ ერთხელ შეიკრიბა საარჩევნო კოდექსზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი. კონსულტაციებში მონაწილეობს "ქართული ოცნება", ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელი საკითხები. ოპოზიცია ყურადღებას რამდენიმე თემაზე ამახვილებს. მათ შორის, დისკუსიის საგანია ემიგრანტების არჩევნებში ჩართვის ფორმები, ასევე ელექტრონული სისტემის 100 პროცენტით ამოქმედება და საარჩევნო ოლქებში ოპოზიციის მეტად ჩართულობა

პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი ხაზს უსვამს ელექტრონული არჩევნების საკითხს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში არჩევნების მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის და ნდობას გააუმჯობესებს.

"პირველი დღიდან, რაც პარლამენტში შემოვედით, ამას ვითხოვ, რომ ელექტრონული არჩევნები იქნას შემოღებული მთელ ქვეყანაში და ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი არის ის, რომ 70%ზე მეტი უბნები დაიფარება ელექტრონული მთვლელი მანქანებით და ვერიფიკაციის აპარატებით, რაც ვფიქრობ, რომ არჩევნების მიმართ ნდობას ამ ქვეყანაში პრინციპულად გააუმჯობესებს და შეცვლის დამოკიდებულებას. მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელსაც აყენებდა ოპოზიცია და მათ შორის მე, რომ ოპოზიციის როლი იყოს გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევის დროს და ეს ჩვენი მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო საკითხზე მომუშავე ჯგუფმა გახარიას გუნდის მიერ წარდგენილი წინადადებები არ გაითვალისწინა, მათ შორის, არც ინტერნეტ-არჩევნების საკითხი, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცა.

"საარჩევნო კომისიის ფარგლებში ჩვენი გუნდის  მხრიდან იყო წარდგენილი წინადადებები, ამ წინადადებებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მხრიდან. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი, ეს არის ინტერნეტ-არჩევნების შესაძლებლობა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დამეთანხმებით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჰქონდეთ არჩევნების მონაწილეობის მიღების უფლება," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ელექტრონული საარჩევნო სისტემის დეტალებზე ისაუბრა მმართველი პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჯარიმების და ხანდაზმულობის ვადის გაზრდა ისეთ დარღვევებთან მიმართებაში, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

"2024 წლიდან საქართველოში დაინერგება თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, ეს არის ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურას შესაბამისი აპარატურის გამოყენებით და აპარატურის გამოყენებით ბიულეტენების დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის წარმოდგენას.

მნიშვნელოვანი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით GRECO-ს რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული 2 ათას ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და იქნება 4 ათასი ლარის ოდენობით, ამასთან ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებასთან მიმართებაში დღეს არსებული 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება და ის 3 წლიანი ვადით განისაზღვრება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები