სკოლებში სწავლა დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდებიან. მათ შორის, საქართველოს ისტორია დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, პირველივე კლასიდან კი სავალდებულო ხდება ჭადრაკი.
2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით, 633 ათასამდე მოსწავლეა რეგისტრირებული. მათგან 56 ათასი პირველკლასელია.
დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტის - სამხედრო საქმის პილოტირებაც - მასში მაღალმთიანი რეგიონების საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ფართოვდება პროექტ "თავდაცვა და უსაფრთხოების" სწავლების მასშტაბებიც. გარდა ამისა, 150-ზე მეტ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს რაგბი ემატება.
დედაქალაქის მსგავსად, ახალი სასწავლო წლის დაწყებას რეგიონებშიც აღნიშნეს. 2021-2022 წლებში 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პრემიერის ინიციატივით, ასევე, იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების რეაბილიტაციის პარალელურად პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.