27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სოსო გოგაშვილმა 2018 წლის ბოლოს გაიცნო ბიძინა ივანიშვილი, ანუ ვიდრე სუსის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში სოსო გოგაშვილზე საუბრისას დაადასტურა, რომ წლების წინ ის ნამდვილად იმყოფებოდა სოსო გოგაშვილი ოჯახში ვახშამზე და თუმცა მისივე თქმით, არანაირი შეთავაზება არც ფულის და არც თანამდებობის მისი მხრიდან არ ყოფილა. 

როგორც კობახიძემ განმარტა, ყველაფერი პირიქით იყო და თავად სოსო გოგაშვილი, როგორც მას, ასევე "ქართული ოცნების" სხვა წევრებსაც სთხოვდა, რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებულიყო. 

"სრული აბსურდია გოგაშვილის ოჯახის განცხადება რაც წავიკითხე და იქ დეტალებიც გაუგებარია, 5 წლის წინ იყო ჩვენთანო. ამ დროს მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და სოსო გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. მე მასთან სახლში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ვახშამზე დამპატიჟა, მაშინ ის არ იყო თანამდებობაზე. 2 ვიზიტი მასთან მე არ მქონია, ეს მოხდა ერთხელ. არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა საუბარი ჩემი მხრიდან არაფრის შეთავაზებაზე. მაშინ არც მქონდა მე მაგდაგვარი ფუნქცია, ახლა პარტიის თავმჯდომარე ვარ და შესაძლოა პარტიული თანამდებობა შევთავაზო ვინმეს, მაგრამ მაშინ ვიყავი უმრავლესობის ლიდერი და როლიც არ მქონდა შესაბამისი. აბსურდულ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მძიმეა ეს ადამიანურად. მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მასთან და ამის გამო, ხათრით, ვახშამზე დავთანხმდი.

მას ჰქონდა პირიქით ჩემს მიმართ თხოვნა, რომ რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებულიყო. ეს თხოვნა მას მუდმივად ჰქონდა არამარტო ჩემს, არამედ სხვა კოლეგების მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ იყო სერიოზული პრობლემები, იყო ნულოვანი რეაგირება ჩვენი მხრიდან მის თხოვნებზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ასევე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ და განმარტა, რომ ეს სიცრუეა და ამას ფაქტებიც ადასტურებს: 

"მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა. მარტივ რამეს ვიტყვი, რომელსაც უამრავი მოწმე ჰყავს - ზუსტად მაშინ, როდესაც გოგაშვილი პარტიაში იყო, 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში, მე მახსოვს და ამას ესწრებოდა დაახლოებით 15 ადამიანი, იქ გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ანუ, ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები