27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"ჩვენი პასუხია პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან, იქიდან არის ნული გათვალისწინება, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია" - ირაკლი კობახიძე

რა ეტაპზეა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა და როგორ ხედავს მმართველი პარტია ამ ურთიერთობის დალაგების გზას იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების ხელშეწყობაში არაერთხელ დაადანაშაულეს და ამასთან ისმოდა მოწოდებები საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებითაც.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობის პერსპექტივებზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პრობლემები და უხერხულობები არსებობს ხელისუფლებებს შორის, რომლებიც თავდაპირველად სწორედ უკრაინის მხრიდან შეიქმნა:

"გარკვეული პრობლემები არსებობს ხელისუფლებებს შორის. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, ამას ისტორიული ფესვები აქვს და ვერავინ წაშლის.

ხელისუფლებებს შორის პრობლემა ჩვენგან არ გაჩენილა, პრობლემა გაჩნდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ , უკრაინაში წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ ძებნილები. წლებია ჩვენ გვაქვს გარკვეული უხერხულობები და ეს უხერხულობები მთლიანად იქიდან შეიქმნა სამწუხაროდ. ანუ ისინი ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებდნენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ომის შემდეგ ელოდა თუ არა უკრაინა მეტ მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება მეტს ელის და ეს საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაა:

"არამარტო ვფიქრობ, არამედ ვხედავთ, რომ ისინი მეტს ელოდნენ და ეს მეტი არის მეორე ფრონტი და ამაზე პირდაპირ საუბრობენ. მეტი რა რჩება: პოლიტიკური მხარდაჭერა, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ჰააგაში სისხლის სამართლის საჩივარი შევიტანეთ სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა რეზოლუციას შევუერთდით და პლუს ჰუმანიტარული დახმარება. ამის გარდა არაერთი ნაბიჯი გადაიდგა კონკრეტული, მათ შორის სიმბოლურიც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩასული და ესეც მნიშვნელოვანი ჟესტი იყო და მეორე დღესვე გაკეთდა განცხადება შეგნებულად, რომელიც ასევე შეიცავდა მოწოდებას ომისკენ და ასე შემდეგ. ამის გარდა პირდაპირ საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებაა, გახსოვთ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და დღემდე გრძელდება. მერე შანტაჟი სანქციებით, ერთი ხელით გეუბნებიან, რომ შენ უნდა გახსნა მეორე ფრონტი და მეორე ხელით იგივე ადამიანები გემუქრებიან სანქციებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მარტივად იშიფრება ეს ყველაფერი - გთხოვენ მეორე ფრონტს და გემუქრებიან. აქ დღესავით ნათელია, რომ ისინი მეტს ელოდნენ და დღესაც მეტს ელიან, ეს მეტი არის ერთადერთი რამ - მეორე ფრონტი, თორემ სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩვენი პასუხი არის პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან. იქიდან არის ნული გათვალისწინება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, აქედან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, მათ შორის იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას, ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები