27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
უკრაინის პირველი ლედი ევროპის პარლამენტის სესიას დაესწრო, რომელიც მთლიანად უკრაინის მხარდაჭერას მიეძღვნა - რა გზავნილები გაკეთდა სტრასბურგში, მათ შორის საქართველოს მისამართითაც

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ქალაქებში ჩავიდა, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა კი ევროპის პარლამენტის სესიას დაესწრო. ევროპარლამენტარებმა უკრაინის პირველი ლედის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფეხზე წამოდგომითა და აპლოდისმენტებით გამოხატეს. პლენარულ სესიაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა და ომის შედეგად გამოწვეული კრიზისები იყო.

პასუხების გაცემა ევროკომისიის პრეზიდენტმა სცადა და ევროპის კონტინენტზე წარმოქმნილი კრიზისების მიუხედავად ყურადღება კვლავ ბლოკის ერთიანობაზე გაამახვილა.

სოლიდარობა რომ ევროპას ძვირი უჯდება, ამ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტარების ნაწილის კრიტიკის სამიზნე გახდა. ევროპელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ევროკავშირს ზამთართან გამკლავების გეგმა არ აქვს. მით უმეტეს, რომ 2 ფრონტზე იბრძვის - დაეხმაროს უკრაინას და დაეხმაროს საკუთარ თავს.

"თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა ამის შესახებ იცოდეს" - ამ სიტყვებით ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გზაზე დაახლოებას ცდილობენ. ევროკომიის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ საქართველოს, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი ვერ იქნება.

ევროპარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ევროს გამოყოფა და კიევში ჩასვლაც დააანონსა.


დღის ამბები