27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
კორექტირების შემდეგ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია - რა პოზიცია აქვთ ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას და მმართველ გუნდს

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. საკომიტეტო მოსმენებამდე ბიუჯეტმა კორექტირება განიცადა, ამის მიზეზი კი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. ბიუჯეტის მთავარ მახასიათებლებზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტზე ოპონენტები ხელისუფლების შექებას არ აპირებენ. ბიუჯეტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ.

საკომიტეტო მოსმენებზე ბიუჯეტის პარამეტრებს დეპუტატებს გიორგი კაკაურიძე გააცნობს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, ხარჯების ზრდასთან ერთად, მთავარი პრიორიტეტი საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაა.

ბიუჯეტში ჭარბი თანხების მობილიზების შედეგად შესაძლებელი გახდა სხვადასხვა უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდა. მაგალითად თავდაცვის სამინისტრო დამატებით 80 მილიონ ლარს მიიღებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის კიდევ 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯანდაცვას დაფინანსება 250 მილიონით გაეზრდება, შსს-ს კი 70 მილიონი ლარით. განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 43 მილიონი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 80 მილიონი ლარი.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა ხვალ დაიწყება. 28 სექტემბერს საფინანსო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას გამართავს. გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტს კანონმდებლები ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშნულ სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.

დღის ამბები