27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
საქართველოს პრემიერის შეხვედრა გერმანიის ფედერაციის ორ მთავარ პოლიტიკურ ფიგურასთან - რა ახალი პოლიტიკური სიგნალებია ბერლინიდან

ბერლინში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს შეხვედრა გერმანიის ფედერაციის ორ მთავარ პოლიტიკურ ფიგურასთან - პრეზიდენტთან და კანცლერთან გამართა.

გერმანია, რომელიც წლების განმავლობაში ფრთხილი იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, დღეს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია.

ბერლინში გამართული შეხვედრების მთავარი თემები რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შოლცის და ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, სადაც მთავარი კითხვები საქართველოს ევროპულ მომავალს ეხებოდა.

"საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლიტიკის განვითარების კუთხით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია უკრაინას გვერდში უდგას. ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური , ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით. საქართველოს თავად აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება. ეს იყო 2008 წლის სამწუხარო გამოცდილება, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ქვეყანას და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. გერმანიის ფედერალური მთავრობა ურყევად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, ასევე საქართველომ გამოაცხადა, რომ ხელს შეუშლის რუსული სანქციების ყველანაირ გვერდის ავლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ ამ მიზნით და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გამოყო სახსრები. ევროკავშირის საბჭოში წელს შევთანხმდით იამზე, რომ საქართველოს მივეცით ევროპული პერსპექტივა. მე მინდა რომ საქართველო გავამხნევო ამ კუთხით, საჭიროა ქვეყანამ შესაბამისი რეფორმები განახორციელოს. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ყველაფერს ერთიანი ეროვნული თანხმობა სჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის ნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანია ამ საკითხში საქართველოს დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგიჭერთ მხარს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ყველას ცენტრალური შეხედულება და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები. მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა, ლაპარაკია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს. რომლის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაა შესაძლებელი. ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ მაგალითად ენერგეტიკა, რაზეც დღეს საუბარი გვქონდა," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

"ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.

მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

"როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახანს აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, იგი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,"- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ევროინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში არის თანმიმდევრული.

"მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ამ სიტუაციაში, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის რა თქმა უნდა, მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს.

გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები