27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - აზერბაიჯანულმა მხარემ დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ვიდეო გაავრცელა

აზერბაიჯანულმა მედიამ იმ სომეხი ჯარისკაცების ვიდეოგაავრცელა, რომლებიც მათი მტკიცებით, ტყვედ ჩავარდნენ.

სამხედრო ტყვეებზე ოფიციალურად არცერთ მხარეს არ უსაუბრია. თუმცა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბაქო მზად არის ერევანს 100 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს. ჯერ უცნობია, რას უპასუხებს ერევანი მათ. 

დაღუპულები აზერბაიჯანულ მხარესაც ყავს. სომხეთში კი ამბობენ, რომ სამხედროების გარდა, დრონებით დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ.

სომხეთმა სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი რომ განიცადა, ამას აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეოებიც ადასტურებს. ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, არის ის, თუ რომელმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

კონფლიქტში ისევ დისტანციურად ერევა კრემლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი მჭიდრო კავშირშია ბაქოსთან და ერევანთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციის უსწრაფესი სტაბილიზაციისთვის აუცილებელ ზომებს იღებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთში მისიას აგზავნის. აშშ კი მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

რეგიონის მშვიდობისთვის რომ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება აუცილებელია, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილს ეთანხმება და კონფლიქტის მალე დასრულების იმედი აქვს გერმანიის კანცლერსაც. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ერთად მუშაობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მშვიდობიანად გაგრძელდეს

დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები, ამაზე განცხადებები ბაქოს და ერევანს არ გაუკეთებია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება სამშაბათს დაიძაბა. ერევანში თქვეს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ ამ პროვოკაციას მხოლოდ უპასუხეს. თავად ბაქოში კი განაცხადეს, რომ პროვოკაცია სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

დღის ამბები