ქუთაისის სასამართლომ, მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პირი, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიას გამამართლებელ განაჩენს სთხოვს, მკვლელობაში მსჯავრდებული ალექსანდრე ტოგონიძეა.
მეორე ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ვერსია სრულად გაიზიარა. გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე ტოგონიძემ, 2018 წლის 11 მაისს, ღამის პირველ საათზე ხაშურთან ახლოს არარეგისტრირებული სანადირო თოფით, მისი მეგობარი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი მოკლა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით დანაწევრებული ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და დაწვა. კასრი მოგვიანებით მდინარეში გადააგდო. ლითონის ჭურჭელში მოთავსებული გვამი მეთევზეებმა შემთხვევიდან ერთი წლის შედეგ იპოვეს.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები ალექსანდრე ტოგონიძის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარეც. ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ტოგონიძის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც მათი თქმით, მსჯავრდებულმა გამოძიებას ფიზიკური ძალადობის შედეგად მისცა. სასამართლო პროცესზე ტოგონიძემ დანაშაული არ აღიარა.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობა არც გამოძიების და არც ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა.
მკვლელობა ხაშურთან ახლოს 2018 წლის მაისში მოხდა, გამოძიება დანაშაულის მოტივად ანგარებას ასახელებს.