27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ჩვენი მმართველი გუნდი არის აბსოლუტურად მოტივირებული, რომ 12-ვე რეკომენდაცია იქნას შესრულებული ზედმიწევნით - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით და სრულყოფილად შესრულდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ვერ ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად კანცლერს, თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა განაცხადეთ და მხარდაჭერა გამოუცხადეთ ჩვენს ქვეყანას - საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. მე მინდა, გითხრათ ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, ჩვენი მმართველი გუნდი, ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ყველა ის 12-ვე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა, გითხრათ, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციური პარტიას, ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, ბატონო კანცლერო, რომ საქართველო არის გერმანიის სანდო პარტნიორი, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართულებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ კანცლერს, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო ბატონი კანცლერი თბილისში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები