27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი წერილი - ამჯერად ადრესატი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია, რომელმაც განცხადება მეორე ფრონტთან დაკავშირებით გააკეთა

"ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათ. თუკი ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მეორე დილითვე ის მოვა აქ და შეეცდება გააკონტროლოს საქართველო და მოლოდვა"- სწორედ ეს ინტერვიუ გახდა "ხალხის ძალის" მორიგი, ახალი წერილის გამოქვეყნების მიზეზი.

მოძრაობის წევრები ამჯერადაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ კუთხით მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებები შემაშფოთებელია. პარლამენტის წევრები ფიქრობენ, რომ ეველინ ფარკასის მოსაზრებები საეჭვოდ ემთხვევა იმ პოზიციებს, რომელიც საქართველოში ომთან მიმართებით ოპოზიციას აქვს.

მმართველ გუნდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანამ, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, სახიფათო პერიოდი გააზრებულად უნდა გაიაროს.

"ხალხის ძალის" პოზიციები კვლავ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ის, რაზეც მოძრაობის წევრები საუბრობენ, უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებულია.

ოპოზიციისგან განსხვავებით, შემაშფოთებლად აღიქვამენ მაკკენის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება.

"ხალხის ძალის" წევრები ამბობენ, რომ მსგავსი მოწოდებები, როდესაც საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, სახიფათოა და ის პასუხის გაცემას საჭიროებს.

ეს არ არის პირველი წერილი, სადაც "ხალხის ძალის" წევრები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ. მოძრაობის წევრები ამ მიმართულებით საუბარს სამომავლოდაც გეგმავენ.

დღის ამბები