27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საბოლოო ვერსიის თანახმად, მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს საშუალება, წარმოადგინონ თავის კანდიდატები - ლევან იოსელიანი

ომბუდსმენის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ბრძანებულებას გამოსცემს. იქამდე შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობდა ყველა პარტია, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" გარდა.

გიორგი ვაშაძის გუნდის პოზიცია გუშინვე ითქვა, პარტია პროცესს ფარსს უწოდებს და ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებს, არ მიიღონ მასში მონაწილეობა. 

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ დღევანდელი კოსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარის გამოსაცემ ბრძანებას შეეხებოდა. 

"დღევანდელი კონსულტაცია შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ შალვა პაპუაშვილის მიერ გამოსაცემ ბრძანებას. დღევანდელ შეხვედრაზე არ გვქონია, ჯერჯერობით კონკრეტულ ადამიანებზე და კანდიდატებზე, რომელებმაც უნდა შეაფასონ ომბუდსმენის კანდიდატები. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ ხვალიდან გამოცხადდება უკვე განაცხადის მიღება უშუალოდ ომბუდსმენის კანდიდატების მხრიდან," - აცახდებს ანა ბუჩუკური

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრის ლევან იოსელიანი თქმით კი, მთავარია პროცესი იყო გამჭირვალე. 

"საბოლოო ვერსიის თანახმად მთავარია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს საშუალება, წარმოადგინონ თავის კანდიდატები და ეს კანდიდატები მოხვდნენ პარლამენტში და  შემდეგ პარლამენტის წევრებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ამას ემსახურება ამ ბრძანების  შინაარსი, რომ არ არსებობდეს რაიმე კითხვის ნიშნები. ამ პროცესის შემდეგომ იქნება ალბათ კიდევ ერთი კონსულტაცია სადაც უკვე პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ჯგუფებთან განმარტავს კონსულტაციას ამ ჯგუფის დაკომპლექტების თაობაზე," - განაცხადა ლევან იოსელიანიმა

დღის ამბები